Accentnews.ge
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რეგულირების სააგენტოს დაავალებს განმეორებით შეისწავლოს სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულება

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რეგულირების სააგენტოს დაავალებს განმეორებით შეისწავლოს სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულება

25/10/2021 11:30:00 პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იგი დაავალებს რეგულირების სააგენტოს, განმეორებით შეისწავლოს სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულება.

მისი თქმით, თუ აღნიშნული დაწესებულება არ აკმაყოფილებს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო მოთხოვნებს, მაშინ რისკის ქვეშ დგანან სხვა პაციენტებიც და მისთვის მნიშვნელოვანია პაციენტის ინტერესი თანაბრად იყოს დაცული.

"საერთოდ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ ყველა დავრჩეთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში. უსაფრთხოებაზე მე ვერ ვისაუბრებ, აქ სხვამ უნდა გააკეთოს კომენტარი. რაც შეეხება იმ კვლევებს, რომელიც ექიმების მხრიდან არის გაცემული, ეს არის დოპლერი, კომპიუტერული ტომოგრაფია, ამ კლინიკას აქვს დოპლერის აპარატი, როგორც ვიცი რამდენიმე ხანში ციხეში ჩაუტარდება პაციენტს ეს კვლევა, ვინაიდან მობილური დანადგარია, რომლის გადაადგილება შესაძლებელია და პენიტენციური სამსახური ამას უზრუნველყოფს. კომპიუტერული ტომოგრაფი გააჩნია კლინიკას. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, თუ რომელ ტიპს შეესაბამება კლინიკა, რა ხარისხის არის, მე დავავალებ რეგულირების სააგენტოს განმეორებით შეისწავლოს ეს კლინიკა, შესაბამისი დასკვნა დადოს კლინიკის მზაობის შესახებ და გასაჯაროვდეს, რათა აღარ იყოს კითხვები იმასთან დაკავშირებით, წარმოადგენს თუ არა ეს კლინიკა რომელიმე პაციენტისთვის რისკს. თუ ეს კლინიკა არ აკმაყოფილებს მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო მოთხოვნებს, მაშინ რისკის ქვეშ დგანან სხვა პაციენტებიც. ჩემთვის მნიშვნელოვანია პაციენტის ინტერესი თანაბრად იყოს დაცული“ ,- აცხადებს ტიკარაძე.

ცნობისთვის: სახალხო დამცველის რწმუნებულებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მიღებისთვის N18 დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმეს. ომბუდსმენის განცხადების თანახმად, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამასთან, სახალხო დამცველის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S