"შეიძლება, სააკაშვილი ხელახალი რევოლუციის ოცნებით დაბრუნდა, თუმცა რევოლუციების დრო აღარ არის"
26/10/2021 07:03:37 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დენიელ ფრიდი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სააკაშვილს მოლოდინები არ გაუმართლდა და ქვეყანაში "ვარდების რევოლუციის" მსგავსი სცენარი არ განვითარდა.
მისი თქმით, არასოდესაა კარგი, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი დაპატიმრებულია.
"ეს ზოგადად არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ. ეს არასოდესაა კარგი. მიხეილ სააკაშვილი დამყოფი ფიგურაა. ის გამოკვეთილ ყურადღებას იქცევს, დრამატულია. მაგრამ ჩემთვის, ასევე, მკაფიოდ ჩანს ის, რომ საქართველოს საზოგადოების მხრიდან აღარ აქვს ის პატივისცემა, რომელიც მისი მმართველობის საწყის წლებში ჰქონდა. შეიძლება, ის საქართველოში იმ ოცნებით დაბრუნდა, რომ ხელახალ ვარდების რევოლუციას მოაწყობდა. მე ამას უბრალოდ ვერ ვხედავ. რევოლუციების დრო აღარ არის, ააშენე პოლიტიკური პარტია, თავი მოაწონე ამომრჩეველს და გაიმარჯვე არჩევნებში", — აცხადებს ფრიდი "ამერიკის ხმასთან" საუბრისას.
მისი თქმით, ადგილობრივმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართულ ოცნებას ჯერ ისევ დიდი მხარდაჭერა აქვს. ფრიდის თქმით, არჩევნებმა აჩვენა ისიც, რომ ოპოზიცია ბევრ ქალაქში ძლიერად არის წარმოდგენილი.
"მე ეუთო/ოდირის ანგარიში წავიკითხე. ეს არჩევნები დარღვევებით ჩატარდა და მთავრობისგან უკეთესის მოლოდინი მაქვს, მაგრამ ამ არჩევნებში პოლიტიკური ძალები ერთმანეთს შეეჭიდნენ. ეს არ იყო ისეთი არჩევნები, როგორიც რუსეთში ჩატარდა. ეს არჩევნები იყო ხარვეზიანი, ოღონდ კონკურენტული. ეს არის სწორედ ის, რაც პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გააკეთონ. მე არ მომწონს ის, რომ სააკაშვილი უცებ პარაშუტით ჩამოფრინდა და გადაწყვიტა, ცხენზე ამხედრებული მოვლენოდა ქვეყანას, მაგრამ მეორე მხრივ, არის მისი ადგილი ნამდვილად ციხეში? მისი ციხეში ყოფნა ქართულ ოცნებას ვნებს", — აღნიშნა ფრიდმა.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს.


