"რასაც ხვალ აკეთებენ, კიდევ ერთი ლურსმანი იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კუბოზე"
26/10/2021 09:45:04 პოლიტიკა
"რასაც ხვალ აკეთებენ, კიდევ ერთი ლურსმანი იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კუბოზე', - ამის შესახებ ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, "ოცნება“ აიძულებს ხალხს აქციაზე მისვლისკენ:
"ჩემი აზრით, რასაც ხვალ, 27 ოქტომბერს აკეთებენ, კიდევ ერთი ლურსმანი იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კუბოზე. არაფერი არ იმალება ამ პატარა ქვეყანაში. ყველამ ვიცით, რომ ძალდატანებით ექაჩებიან ბუღალტრებს, კანცელარიის თანამშრომლებს, დამლაგებლებს, საჯარო მოხელეებს, უნდათ თუ არ უნდათ, მიჰყავთ ეს ადამიანები აქციაზე. ეს ფილმი ნანახი გვაქვს, როდესაც შენს მიერ აქციაზე ძალდატანებთ მიყვანილი ადამიანი თვალებით გეუბნება, კი ბატონო, ძალით გამომიყვანეთ თავისუფლების მოედანზე, მაგრამ რამდენიმე დღეში არჩევნებია და იქ გაგცემ საკადრის პასუხს, ეს მოხდება. არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ სახელმწიფოში დასაქმებულ საჯარო მოხელეს მათი ნების საწინააღმდეგოდ ექაჩებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ აქციაზე. ესეც დასასრულებელია. 30 ოქტომბერს ყველანი არჩევნებზე მისვლის შემდეგ ვიზეიმებთ მრავალმხრივ გამარჯვებას. მათ შორის გამარჯვებას ამ ძალდატანებაზე“,-აცხადებს მელია.
ცნობისთვის: 27 ოქტომბერს "ქართული ოცნება" აქციას თბილისში და ენმ ზუგდიდში აანონსებენ.


