Accentnews.ge
"განვიხილავთ ალტერნატიული პლატფორმით კონსილიუმის შექმნას"

"განვიხილავთ ალტერნატიული პლატფორმით კონსილიუმის შექმნას"

26/10/2021 14:46:41 პოლიტიკა

ექს–პრეზდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ალტერნატიული კონსილიუმის შექმნას აპირებენ. როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილი სრულ ნდობას უცხადებს უკვე არსებულ კონსილიუმში შემავალ ექიმებს, თუმცა არ ენდობიან კონსილიუმს, რომელშიც იუსტიციის მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შედიან.

გვარამიამ კონსილიუმის შექმნით ორგანიზაცია "ემპათიის" ხელმძღვანელს მარიამ ჯიშკარიანს მიმართა.

"თუ სურთ იმ ექიმებს მონაწილეობის მიღება, ვინც ამ კონსილიუმში არის, დიდი სიამოვნებით მივესალმებით დამოუკიდებელი კონსილიუმის ჯგუფში. ჩვენ არ ვენდობით იმ კონსილიუმს, სადაც მონაწილეობას იღებს იუსტიციის მინისტრი. გაურკვეველია რატომ იღებს მონაწილეობა, რა კვალიფიკაცია აქვს ამისი. [არ ვენდობით კონსილიუმს] სადაც მონაწილეობას იღებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელმაც ის განცხადებები გააკეთა, რაც გააკეთა. ამ ადამიანებს აქვთ უკვე გადაწყვეტილება მიღებული წინასწარ, ამას არც მალავენ, ამიტომ სრულად გაუგებარია რას ემსახურება კონსილიუმის ფორმატში განხილვები, როცა არც ერთ რეკომენდაციას პენიტენციური დაწესებულება არ განიხილავს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სააკაშვილის მონახულების შემდეგ გვარამიამ ექს–პრეზიდენტი ახალი მიმართვა წაიკითხა. სააკაშვილი კვლავ უარს აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ.

გარდა ამისა, გვარამიამ თქვა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის სარჩელს ამზადებენ:

"ყველა ის განცხადება, რომელიც მოსმენილი გაქვთ "ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან, ყოველი ნაბიჯი და ქმედება, რომელიც მათ გადადგეს; დისკრედიტაციის მცდელობები; უარი მკურნალობაზე პრაქტიკულად; უსაფრთხოების პრობლემების შექმნა – ყველაფერი ეს არის დეტალურად აღნუსხული და იკინძება ერთ ძალიან დიდ და სერიოზულ საქმეში, რომელიც მძიმედ დასრულდება "ქართული ოცნებისთვის".

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S