Accentnews.ge
უკრაინის ომბუდსმენი ამბობს, რომ საქართველოს საზღვარზე პრობლემები მასაც შეექმნა

უკრაინის ომბუდსმენი ამბობს, რომ საქართველოს საზღვარზე პრობლემები მასაც შეექმნა

27/10/2021 10:17:46 პოლიტიკა

უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ #12 საპატიმროში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყანაში შემოსვლისას პრობლემები არა მხოლოდ უკრაინელ ადვოკატს, მასაც შეექმნა. ამიტომ, მას ადვოკატის ირგვლივ განვითარებული მოვლენები არ უკვირს.

უკრაინის სახალხო დამცველი ამბობს, რომ საზღვრის კვეთის უფლება მხოლოდ მას შემდეგ მისცეს, რაც ქართველ და უკრაინელ კოლეგებს დაუკავშირდა.

„გუშინ 40 წუთი მკითხავდნენ, თუ რატომ ჩამოვედი საქართველოში და მხოლოდ რამდენიმე ზარის შემდეგ შემომიშვეს“,– განაცხადა ომბუდსმენმა და დასძინა, რომ თემაზე პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე საუბრისგან თავი იმ მოტივით შეიკავა, რომ შიშობდა, პატიმართან შეხვედრაში ხელოვნური ბარიერი არ შეჰქმნოდა.

რაც შეეხება სააკაშვილის მონახულებას, ომბუდსმენის თქმით, ევროპარლამენტში გადასაგზავნად დასკვნას თავად მოამზადებს, უკრაინაში გამგზავრების შემდეგ კი კიევის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას მოითხოვს:

„ახლა შევხვდები საქართველოს ომბუდსმენს და ჩამოვაყალიბებთ საერთო პოზიციას. უკრაინაში მოვითხოვ უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრას, რათა გავუზიარო ის ინფორმაცია, რაც მივიღე“.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა ევგენი გრუშოვეცმა განაცხადა, საქართველოში არ შემოუშვეს. იგივე დაადასტურა უკრაინის ომბუდსმენმაც. შსს–ში არ განუმარტავთ, რა გახდა გადაწყვეტილების საფუძველი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S