Accentnews.ge
მედია – უკრაინელი იურისტის გარდა, თბილისში ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი და სააკაშვილის ოფისის წარმომადგენლები არ შემოუშვეს

მედია – უკრაინელი იურისტის გარდა, თბილისში ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი და სააკაშვილის ოფისის წარმომადგენლები არ შემოუშვეს

27/10/2021 10:24:15 პოლიტიკა

უკრაინელი იურისტის გარდა, თბილისში ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი და ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოფისის წარმომადგენლები არ შემოუშვეს, – იუწყება "მთავარი არხი".

უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი თავის Telegram-არხში წერს, რომ "მომხდარი საერთაშორისო სკანდალია და საქართველოს ხელისუფლების სირცხვილი":

"ერთი საათის წინ ჩამოვედი თბილისში და მთელი ეს დრო პასპორტში შტამპის ჩარტყმას ველოდი საპასპორტო კონტროლის პუნქტში, ახლახანს კი ოფიციალურად განმიცხადეს, რომ ჩემთვის საქართველოში შესვლა აკრძალულია. მიზეზები არ დაუსახელებიათ. ნათლად და ცალსახად ვუკავშირებ ამას იმ ფაქტს, რომ მანამდე უკრაინის საგარეო უწყება ქართულს დაუკავშირდა და ითხოვა, ჩემთვის რუსთავის ციხეში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა მოეცათ. მომხდარი საერთაშორისო სკანდალია და საქართველოს ხელისუფლების სირცხვილი!".

ამ დროისთვის გორდონი და მისი მეუღე - ასევე ჟურნალისტი თბილისის აეროპორტიდან არიან გადეპორტებულები.

ტელეარხის ცნობით, საქართველოში შემოსვლაზე უარი განუცხადეს უკრაინის რეფორმების საბჭოს ოფისის ხელმძღვანელ მარია ბარაბაშსა და მის მოადგილეს იუგენი სუშენკოს.

"ოთხივე მათგანი თბილისში, გორდონის ორგანიზებულ კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდა", იუწყება "მთავარი არხი".

მანამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიევში გააბრუნეს უკრაინელი იურისტი ევგენი გრუშოვეცი. როგორც იგი აცხადებდა, თვითმფრინავში პასპორტი ჩამოართვეს და „დეპორტირებული მგზავრი“ უწოდეს. შსს-ს ამ დრომდე არ განუმარტავს უკრაინელი იურისტის ევგენი გრუშოვეცის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის საფუძვლები.

სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის თქმით, "ევგენი გრუშოვეცი ისე გააბრუნეს უკან, რომ ბარგიც არ გაატანეს":

„მიუხედავად მრავალჯერადი მოთხოვნის, მიგვეღო უარის დასაბუთება, რისი ვალდებულებაც კანონით აკისრია შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამგვარი უარი მას არ მისცეს და დაცინვით უთხრეს, რომ უარს, დასაბუთებას კიევში მოისმენდა და კიევში მისცემდნენ, რაც არის აბსურდი“.

მმართველი პარტია "ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ "ამ თემაზე განმარტებას ალბათ, შსს გააკეთებს".

ამჟამად საქართველოში უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა იმყოფება. მან რუსთავის #12 საპატიმროში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყანაში შემოსვლისას პრობლემები არა მხოლოდ უკრაინელ ადვოკატს, მასაც შეექმნა.

მისი თქმით, საზღვრის კვეთის უფლება მხოლოდ მას შემდეგ მისცეს, რაც ქართველ და უკრაინელ კოლეგებს დაუკავშირდა.

„გუშინ 40 წუთი მკითხავდნენ, თუ რატომ ჩამოვედი საქართველოში და მხოლოდ რამდენიმე ზარის შემდეგ შემომიშვეს“,– განაცხადა ომბუდსმენმა და დასძინა, რომ თემაზე პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე საუბრისგან თავი იმ მოტივით შეიკავა, რომ შიშობდა, პატიმართან შეხვედრაში ხელოვნური ბარიერი არ შეჰქმნოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S