"არჩევნებში გამარჯვება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, საბოლოოდ დავამთავროთ პოლარიზაცია"
27/10/2021 14:00:26 პოლიტიკა
"არჩევნებში გამარჯვება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის ორი ფაქტორი, რომელიც ჩვენ უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, საბოლოოდ დავამთავროთ პოლარიზაცია და ქვეყანა განვითარების სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ", - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს თბილისის ცენტრში, მმართველი პარტიის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე მტკიცებით, „ქართულ ოცნებას“ 30 ოქტომბერს უპირისპირდება არა ჯანსაღი პოლიტიკური ოპონენტი, არამედ რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფება, რომელიც უკვე 18 წელია, ქართული სახელმწიფოსა და დემოკრატიისთვის არის მუდმივი საფრთხე".
„30 ოქტომბერს ტარდება 2024 წლამდე ბოლო არჩევნები. დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი კი ციხეში იხდის დამსახურებულ სასჯელს. არჩევნებში გამარჯვება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის ორი ფაქტორი, რომელიც ჩვენ უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს საბოლოოდ დავამთავროთ ქვეყანაში პოლარიზაცია და ის განვითარების სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ. ამისთვის კი აუცილებელია 2 ოქტომბრის გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდე მივიყვანოთ. 30 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი უსამშობლობასა და ქვეყნის სიყვარულს შორის; ძალადობასა და თავისუფლებას შორის; სიცრუესა და სიმართლეს; სიძულვილსა და სიყვარულს შორის; არეულობასა და მშვიდობას შორის; 30 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი წინსვლის, საქართველოს ღირსეული მომავლის სასარგებლოდ. გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე!“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


