კახა კალაძე: „30 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და საბოლოო წერტილი დავუსვათ სიცრუეს“
27/10/2021 14:15:44 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ გენმდივანმა, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თავისუფლების მოედანზე შეკრებილი საზოგადოებისადმი მიმართვისას კვლავ გაიმეორა მისი თანაპარტიელების მთავარ წინასაარჩევნო გზავნილი და განაცხადა, რომ „30 ოქტომბერს საბოლოოდ უნდა გავიმარჯვოთ ბოროტებაზე“.
კალაძემ საკუთარ გამოსვლაში მნიშვნელოვანი დრო დაუთმო ოპონენტებზე საუბარს, განაცხადა, რომ 30 ოქტომბერს მოქალაქეებს უპირველესად ღირებულებითი არჩევანის გაკეთება მოუწევთ.
ამასთან, მისი თქმით,თქმით, „ეს არჩევნები იყო ბევრად მეტი, ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები“:
„ეს იყო არჩევნები, სადაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა გაევლო ზღვარი ძალადობასა და თავისუფლებას შორის, სიცრუესა და სიმართლეს შორის, უსამართლობასა და სამართლიანობას შორის, არეულობასა და მშვიდობას შორის, წარსულში დაბრუნებასა და მომავლის პერსპექტივას შორის. 2 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ აირჩია თავისუფლება, სიმართლე, სამართლიანობა, მშვიდობა და განვითარება. ჩვენ, ყველამ ერთად, 2 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ყველას, რომ ქართველები თავისუფლებისმოყვარე, სამართლიანი და სწორი ღირებულებების მქონე ხალხი ვართ.
ყოველმა მეორე მოქალაქემ ნდობა გამოუცხადა ჩვენს პოლიტიკურ ძალას, რომელიც, როგორც მმართველი პარტია, არის ამ ღირებულებების გარანტი ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაგვაკისრა პასუხისმგებლობა, დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოსა და ეკლესიის სიმტკიცე, დავიცვათ ადამიანის ღირსება და თავისუფლება. დღესაც, 21-ე საუკუნეში ჩვენი ეროვნული ფასეულობების - მამულის, ენისა და სარწმუნოების დაცვა ჩვენს ყოველდღიურ ბრძოლასა და თავდადებას მოითხოვ“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ 9 წლის წინ ქართველი ხალხის ერთობამ ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით მახინჯი სისტემა დაამარცხა და ამ მონაპოვარს გაფრთხილება სჭირდება.
მან მოქალაქეებს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.
„სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური ძალა, ჯერ კიდევ ახერხებს ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის შეცდომაში შეყვანას. მეტიც, ეს დესტრუქციული განწყობა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ ანადგურებს იმ ადამიანებსაც, ვინც თავად წარმოადგენენ ამ პოლიტიკურ ძალას. ამიტომ, ჩვენ ეს ადამიანებიც უნდა დავიხსნათ ძალადობრივი იდეოლოგიის ტყვეობისგან, უნდა შევეცადოთ, ავუხილოთ თვალი და მოვაქციოთ სახელმწიფოსა და საკუთარი ხალხის პატივისცემისკენ“.
„ამ არჩევნების მეორე ტურმა ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში, ყველას უნდა დაანახოს, რომ ეს ქვეყანა ჩვენი - მშვიდობისმოყვარე, საკუთარი ქვეყნის მოყვარული, საკუთარი ისტორიის, სახელმწიფოსა და ეკლესიის პატივისმცემელი ადამიანების სამშობლოა და არა უსამშობლო ავანტიურისტების პოლიტიკური სარბიელი. სწორედ ამიტომ, 30 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და საბოლოო წერტილი დავუსვათ ბოროტებას, სიცრუესა და დესტრუქციას ქართულ პოლიტიკაში. 30 ოქტომბერს საბოლოოდ უნდა გავიმარჯვოთ ბოროტებაზე; უნდა გავიმარჯვოთ ღირებულებით ბრძოლაში, რათა ამ საბოლოო გამარჯვებით კარი გავუხსნათ ჩვენი ქვეყნის მომავალს, კარი გავუხსნათ, კეთილშობილ, პატრიოტ ადამიანებს პოლიტიკაში; კარი გავუხნათ ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფს და პარტიას, რომელსაც რეალურად ადარდებს ამ ქვეყნის ბედი, რომელსაც შეუძლია საკუთარი სიტყვით და საქმით შექმნას ქვეყნისთვის სასარგებლო პოლიტიკური დღის წესრიგი, მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე რადიკალური ჯგუფები მათ ადგილს არ ტოვებდნენ ქართულ პოლიტიკაში. 30 ოქტომბერს ჩვენ საბოლოოდ უნდა დავასრულოთ მოჯადოებულ წრეზე სიარული, და მეორე დღიდანვე, ყველამ ერთად უნდა დავიწყოთ ახალი, მომავალზე და პროგრესზე ორიენტირებული საქართველოს შენება. ჩვენ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს და ჩვენ ყველამ ერთად სწორედ ამ განწყობით უნდა ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქები და სოფლები. ყველამ ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით უნდა შევქმნათ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და ბედნიერი მომავალი. მჯერა, 30 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს თბილისი და გაიმარჯვებს საქართველო! მოდით 30 ოქტომბერს არჩევნებზე! მოდით, რათა გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე!“, - განაცხადა კალაძემ.


