გვარამია: "ციხის საავადმყოფო "გამოშიგნულია"
27/10/2021 15:34:51 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ „სიხის საავადმყოფოს“ შესაბამისი ლიცენზია არ აქვს და "გამოშიგნულია".
მან საგანგებო ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა იმ გარემოებებზე, თუ რის საფუძველზე ამბობს უარს მისი დაცვის ქვეშ მყოფი „ციხის საავადმყოფოში“ გადაყვანაზე. კერძოდ, გვარამიას ცნობით, ხსენებული კლინიკა 2019 წლიდან გადავიდა ე.წ. მილევად რეჟიმზე და გაუქმდა ქირურგიის, ანესთეზია-რეანიმაციის და ხანგრძლივი მოვლის განყოფილება, რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ კი დარჩა მხოლოდ სამკურნალო განყოფილება.
"ამ დღეების განმავლობაში სასწრაფოდ ხდება ფუნქციური საწოლების და პორტატული სარეანიმაციო აპარატების განთავსება საოპერაციო ბლოკში. მიუხედავად ამისა, აღნიშნული აპარატურა ვერ გახდება ფუნქციური სააკაშვილის შესაძლო გადაყვანამდე და ამ დაწესებულებას არ აქვს ლიცენზია. ულიცენზიო დაწესებულებაში განიხილავენ სააკაშვილის გადაყვანას", - თქვა გვარამიამ.
გარდა ამისა, მისი ცნობით, კლინიკაში დარჩენილია ორი ქირურგი, რომლიდანაც ერთი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს დაკავებული იყო და აქვს პირადი ინტერესი ამ პარტიასთან და მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში.
გვარამიას ინფორმაციით, კლინიკაში დარჩენილია მხოლოდ ორი თერაპევტი, სამი ინფექციონისტი, ერთი ვენეროლოგი, ოთხი ექთანი მიმღებში და რენტდგენს იღებს ლაბორანტი პორტატული აპარატით, არ არიან სანიტრები და მათ ფუნქციას პატიმრები ასრულებენ:
"სრულიად გამოვრიცხავთ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე სააკაშვილის ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანას რამდენიმე მიზეზის გამო: ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას იმიტირებული ბუნტის თაობაზე; სააკაშვილი ეყოლებათ მუდმივი სტრესის ქვეშ, ე.წ. შუმოკით (შეძახილებით); შეუწყვიტავ რეჟიმში იქნება პატიმრების შეძახილები და ბრახუნი, რაც სრულიად წარმოუდგენელი ზეწოლაა; გარდა ამისა, ამ კლინიკაში არიან აგრესიული ფსიქიატრიული პაციენტები და სანიტრები არიან პატიმრები - მათ აქვთ სრული ხელმისაწვდომობა პატიმრებთან".
მისივე თქმით, "ვივამედმა" მათ დაუდასტურა ინფორმაცია, რომ ყოველწლიურად 2000-მდე პატიმარს მკურნალობს, მათ შორის მოშიმშილე პატიმრებსაც.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. როგორც მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, მისი მდგომარეობა მძიმდება და აუცილებელია მისი ჰოსპიტალიზება. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ გართულდება სააკაშვილის ჯანმრთელობა, მას გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ. ადვოკატები და პირადი ექიმი სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.


