Accentnews.ge
ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია  –  სააკაშვილზე: "მულტიორგანულ გართულებებს მულტირპოფილური მართვა ესაჭიროება"

ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია  –  სააკაშვილზე: "მულტიორგანულ გართულებებს მულტირპოფილური მართვა ესაჭიროება"

27/10/2021 17:03:31 პოლიტიკა

ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას განცხადებით ეხმიანება და სამედიცინო რისკებზე ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სამედიცინო რისკების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია შემდეგის გათვალისწინება:

"1. შიმშილობით გამოწვეული მჟავე-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა და გულ-სისხლძრღვთა სისტემის დისფუნქცია, გლუკოზის დეფიციტით გამოწვეული პრობლემები, ვიტამინი B1 დეფიციტით გამოწვეული ნევროლოგიური ცვლილებები და სხვა.

2. სტრესით გამოწვეული საშუალო სიმძიმის თალასემიის გადაზრდა თალასემიის მძიმე ფორმაში, რაც სპეციალიზირებულ ჰემატოლოგიურ მართვას საჭიროებს.

3. ჟილბერის სინდრომის გამწვავების შედეგად გამოწვეული ჰიპერბილირუბინემია და მასთან დაკავშირებული ჰემოლიზი (სისხლის წითელი უჯრედების დაშლა)

ეს არის იმ შესაძლო მულტიორგანული გართულებების მოკლე ჩამონათვალი, რაც შეიძლება განუვითარდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

მულტიორგანულ გართულებებს კი მულტირპოფილური მართვა ესაჭიროება. მართვის პროცესში აუცილებელია კარდიოლოგების, ნევროპათოლოგების, ჰეპატოლოგების, ენდოკრინოლოგების, ჰემატოლოგების, ინტენსიური თერაპიის სპეციალისტების, რეანემატოლოგების ჩართულობა და შესაბამის ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ გამოკვლევებზე ხელმისაწვდომობა.

საქართველოში რამდენიმე მრავალპროფილური საავადმყოფოა, რომლებიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა პროფილის ექიმებით და სადაც შესაძლებელია მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები (კომპიუტერული ტომოგრაფია, ანგიოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, ენდოსკოპიური გამოკვლევა), ინვაზიური რადიოლოგიური ჩარევები და ფართო სპექტრის ლაბორატორიული გამოკვლევები". - აცხადებს ექიმების ასოციაცია.

მათივე ინფორმაციით, მხოლოდ 2020 წელს პენიტენციური დაწესებულებიდან მულტიპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანილია 585 პატიმარი, რაც ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა არ იქნება პრეცენდენტი და არ შეეწინააღმდეგება ზოგად სამართლებრივ ნორმებს.

"ხაზს ვუსვმათ, რომ ჩვენი განცხადება მოკლებულია ყოველგვარ პოლიტიკურ კონიუნქტურას, ეფუძნება პროფესიულ, ჰუმანურ და გლობალურ რეპუტაციულ პრინციპებს; სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენი მოთხოვნაა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც საჭიროების შემთხვევაში გაეწევა ნებისმიერი პროფილის, დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და ამით დაცული იქნება მისი სიცოცხლის უფლება". - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს ასოციაციის მმართველი საბჭო:

  • სოფიო ბერიძე
  • რევაზ ბოჭორიშვი
  • ლიმაია ბუწაშვილი
  • ზურაბ გურული
  • ნინო ისაკაძე
  • გიორგი კავკასიძე
  • ვახტანგ კალოიანი
  • გიორგი კამკამიძე
  • ბიძინა კულუმბეკოვი
  • არჩილ მარშანია
  • მამუკა მაჩაიძე
  • დავით მრელაშვილი
  • ანი ქავთარაძე
  • ვლადიმერ ჩაჩანიძე
  • გრიგოლ ხურციძე

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამედიცინო მომსახურებასა და ანალიზებზე უარს ამბობს, – ამის შესახებ უკრაინელმა ექიმმა, რადის დეპუტატმა მაქსიმ პერებიინისმა განუცხადა მედიას, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულა რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

მოგვინებით მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შვილის მონახულების შემდეგ მედიას უთხრა, რომ ყოფილი პრეზიდენტი უარს ამბობს რეანიმობილსა და სამედიცინო დახმარების მიღებაზე. ეს გადაწყვეტილება სააკაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც ადვოკატებთან კომუნიკაცია შეეზღუდა.

სააკაშვილის ადვოკატებმა დღეს გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ციხის ადმინისტრაციამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ოთახში პატიმარსა და მნახველს შორის ბარიერი მთლიანად ამოაშენა, რითაც პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება წაერთვათ. ასევე ოთახი, სადაც სააკაშვილი ადვოკატებს ხვდება, კამერებით აღჭურვეს, რაც დაცული კომუნიკაციის შესაძლებლობას გამორიცხავს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაკავების შემდეგ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

ადვოკატები მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოითხოვენ მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში მის გადაყვანას, სადაც შესაძლებელი იქნება მუდმივი და სრულფასოვანი ზრუნვა მის ჯანმრთელობაზე. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მოხდება გლდანში, პენიტენციური სისტემის საავადმყოფოში. მიხეილ სააკაშვილი ამ დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს ამბობს, მისი უფბედამცველები და სახალხო დამცველი მიიჩნევენ, რომ ამ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S