„კაცი არ შიმშილობს და რა უნდა დამძიმდეს“ – კობახიძე სააკაშვილზე საუბრობს
27/10/2021 19:55:42 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ იმშილობს და საზოგადოება "შიმშილობის იმიტირებულ ქრონიკას" ადევნებს თვალს.
"ეს კაცი თავისი ფეხით ჩამოვიდა, ჩაჯდა ციხეში, სადაც მისი ადგილი იყო და ის არის ლიდერი ამ დესტრუქციული პოლიტიკური ძალის. ციხეში მისი ყოფნა, რაც მთლიანად მოიხსნება დღის წესრიგიდან როგორც ფაქტორი, ბუნებრივია დაამშვიდებს ამ ქვეყანას. 30 ოქტომბრის შემდეგ, ჩვენ საერთოდ აღარ ვაპირებთ ვისაუბროთ მიხეილ სააკაშვილზე. ჩვენ ვხედავთ, რომ არის რაღაც შიმშილობის იმიტირებული ქრონიკა. რასაც ჰქვია შიმშილი, ის არ შიმშილობს. იყო ფაქტები, როდესაც ის იღებდა თაფლს, მედიკამენტური კუთხით მიიღო შესაბამისი ვიტამინები და ა,შ. ეს არის ზუსტად იმიტაცია, რომელიც აქტუალური 30 ოქტომბრამდე იქნება მხოლოდ. ეს შოუ სწორედ ამ დრომდე დარჩება ძალაში. ჩვენ ასევე ვიხილეთ შიმშილობით სიკვდილის იმიტირებული ქრონიკაც, რაღაც ილუზიებში აცხოვრებენ საზოგადოებას. სინამდვილეში არც შიმშილობის რისკი და არც შიმშილობით სიკვდილის რისკი არ არსებობს. კაცი არ შიმშილობს და რა უნდა დაუმძიმდეს,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“–ის ეთერში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაკავების შემდეგ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
ადვოკატები მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოითხოვენ მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში მის გადაყვანას, სადაც შესაძლებელი იქნება მუდმივი და სრულფასოვანი ზრუნვა მის ჯანმრთელობაზე. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მოხდება გლდანში, პენიტენციური სისტემის საავადმყოფოში. მიხეილ სააკაშვილი ამ დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს ამბობს, მისი უფბედამცველები და სახალხო დამცველი მიიჩნევენ, რომ ამ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი.
დღეს სააკაშვილმა სამედიცინო მომსახურებასა და ანალიზებზე უარი განაცხადა. სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შვილის მონახულების შემდეგ მედიას უთხრა, რომ ყოფილი პრეზიდენტი უარს ამბობს რეანიმობილსა და სამედიცინო დახმარების მიღებაზე. ეს გადაწყვეტილება სააკაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც ადვოკატებთან კომუნიკაცია შეეზღუდა.
სააკაშვილის ადვოკატებმა დღეს გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ციხის ადმინისტრაციამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ოთახში პატიმარსა და მნახველს შორის ბარიერი მთლიანად ამოაშენა, რითაც პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება წაერთვათ. ასევე ოთახი, სადაც სააკაშვილი ადვოკატებს ხვდება, კამერებით აღჭურვეს, რაც დაცული კომუნიკაციის შესაძლებლობას გამორიცხავს.


