სააკაშვილი – გორდონის თბილისში არშემოშვებაზე: "საქართველოსთვის შავი ლაქაა"
28/10/2021 08:08:12 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინელი ჟურნალისტის დიმიტრი გორდონის საქართველოში არშემოშვების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს ქვეყნისთვის შავი ლაქაა.
"დიმიტრი გორდონი ყველაზე ცნობილი და ტიტულიანი ჟურნალისტია მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რუსულ და უკრაინულენოვან სამყაროში. ის საქართველოს დიდი მხარდამჭერი და მეგობარია. მისი მეუღლე ალესია ასევე ძალიან ცნობილი ჟურნალისტი და ჩვენი გულშემატკივარია. გორდონის პირადი მტრებია პუტინი და ლუკაშენკო. დღეს კი, მათმა რამდენიმე ასეულმა მილიონმა თაყვანისმცემელმა, სამწუხაროდ, იხილა, რომ საქართველო, ოდესღაც - დემოკრატიის შუქურა რუსეთზე უარესი ხდება. მომხდარი დიდი საერთაშორისო სკანდალი და საქართველოსთვის შავი ლაქაა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ, რომ ცდილობდნენ საქართველოში შემოსვლას და მათდამი მოპყრობისთვის, ყველა ნორმალური ქართველის სახელით, ბოდიში მოვუხადო" , - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
გუშინ უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი თბილისის აეროპორტიდან უკრაინაში გაადეპორტეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მე-2 დღეა, არ აქვს პასუხი, რატომ არ შემოუშვეს საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონი.


