"არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი დღის წესრიგიდან გაქრება"
28/10/2021 08:38:22 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხი არჩევნების შემდეგ დღის წესრიგიდან გაქრება.
„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს და შიმშილობის იმიტირებულ ქრონიკას, ამასთან დაკავშირებით უკვე მივეჩვიეთ, რომ 30 ოქტომბრის ჩათვლით პატარა შოუ გვექნება. მაგრამ, გარწმუნებთ, როგორც კი არჩევნები დამთავრდება, 30 ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილი საერთოდ აღარ იქნება დღის წესრიგში, არცერთ კითხვას პასუხი აღარ გაეცემა. სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი და მეტიც, სააკაშვილი არის პატიმარი, რომელსაც სხვა პატიმრებზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი. აქედან გამომდინარე 30 ოქტომბრიდან ეს საკითხი ჩვენი დღის წესრიგიდან საერთოდ გაქრება“,- განაცხადა კობახიძემ.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. ამასთან, მისი თქმით, ადმინისტრაციამ ადვოკატებთან ურთიერთობაც კი შეუზღუდა, რის გამოც პროტესტის ნიშნად დღეიდან უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებასა და მკურნალობაზე.


