კობახიძე – უკრაინელი ჟურნალისტის საქართველოში არშემოშვებაზე: "შოუს დადგმის საშუალებას არავის მივცემთ"
28/10/2021 08:40:00 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე უკრაინელი ჟურნალისტის დიმიტრი გორდონის საქართველოში არშემოშვების ფაქტზე საუბრისას აცხადებს, რომ "შოუს მოწყობის საშუალებას არავის მისცემენ".
კითხვაზე, ხომ არ ქმნის ეს ფაქტი საქართველო-უკრაინას შორის უხერხულობას, კობახიძემ შემდეგი განაცხადა: "ერთადერთი, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობაში უხერხულობას ქმნიდა, სააკაშვილის ფაქტორი იყო და მადლობა ღმერთს, დღეს დაისვენა როგორც საქართველომ, ასევე უკრაინამ.
მისი თქმით, 30 ოქტომბრის შემდეგ ყველანაირი უხერხულობა გაქრება.
„პატარა კუდები რჩება იმ ადამიანების გამო, რომლებიც ცდილობენ აქედან შოუ მოაწყონ, მაგრამ გარწმუნებთ, 30 ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილის თემა დღის წესრიგიდან საერთოდ გაქრება. აქედან გამომდინარე გაქრება ყველანაირი უხერხულობა, რაც დღემდე არსებობდა საქართველოსა და უკრაინას შორის. რაც შეეხება კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეების შემოშვებას საქართველოში, ეს არის შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტი და იგივე რამ შეიძლება მოხდეს უკრაინაშიც საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ამერიკის შეერთებული შტატებში გერმანიის მოქალაქეების მიმართ და ა.შ. ერთი არის მთავარი, რომ შოუს დადგმის შესაძლებლობას არავის მივცემთ. რაც შეეხება იმას, რატომ არ შემოუშვა კონკრეტულმა უწყებამ საქართველოში კონკრეტული პირი, განმარტებას ვერ გავაკეთებ“,- განაცხადა კობახიძემ.
გუშინ უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი თბილისის აეროპორტიდან უკრაინაში გაადეპორტეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მე-2 დღეა, არ აქვს პასუხი, რატომ არ შემოუშვეს საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონი.


