ღარიბაშვილი – სააკაშვილზე: "კერძო კლინიკაში სახელმწიფო ვერ განახორციელებს სათანადო დონეზე მის უსაფრთხოებას"
28/10/2021 20:38:04 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კერძო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში სახელმწიფო ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებას სათანადოდ ვერ დაიცავს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
"შიმშილობაც ორგანიზებული აქვს, ყველაფერი თავის მოკლე ჭკუით დალაგებული აქვს, გეგმა აქვს, რომ რამენაირად, ჩვენ გადავიყვანდით კერძო კლინიკაში. მოგეხსენებათ, კერძო კლინიკაში არავითარი პირობა არაა, ჯერ ერთი უამრავი პაციენტია, კოვიდია, უამრავი მიმსვლელია და უამრავი სამოქალაქო პირი ტრიალებს. არავითარი უსაფრთხოების ზომები არაა დაცული. იქ სახელმწიფო და სპეციალური სამსახურები ვერ განახორციელებენ სათანადო დონეზე მის უსაფრთხოებას და სხვების უსაფრთხოებას. გეგმა არის შემდეგი, რომ რამდენიმე ათასი ადამიანის მობილიზებას შეძლებენ, 4-5 ათასი კაცის მოყვანას, 10 ათასი კაცის მოყვანას შეძლებენ და ჩვენ მოგვიწევდა მუდმივი ჯაჯგური, ქაოსი, პოლიციას მოუწევდა ძალის გამოყენება, მანდაც იგივე პროვოკაციას გააკეთებენ, შეიძლება, რამდენიმე კაციც მოკლან. ეს არის თეორიული, ერთადერთი გიჟური სცენარი. ქაოსის და დესტაბილიზაციის შემოტანა უნდა ამით", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს.


