დეკანოიძე – ღარიბაშვილის განცხადებაზე: "სტრასბურგისთვის კიდევ ერთი მტკიცებულებაა"
29/10/2021 07:35:58 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება მორიგი მტკიცებულებაა სტრასბურგისთვის.
"მორიგი კატასტროფა თქვა. სტრასბურგისთვის კიდევ ერთი მტკიცებულება", - წერს ხატია დეკანოიძე სოცილაურ ქსელში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კანონის თანახმად, ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს, სახელმწიფო კი ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. ამის შესახებ მან პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის საკითხზე საუბრისას ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვას, "რით შეიძლება, დასრულდეს სააკაშვილის შიმშილობა, ფინალი რა შეიძლება იყოს?", ღარიბაშვილმა შემდეგი პასუხი გასცა:
“ფინალი, არ ვიცი ახლა… ადამიანი თუ თავის ჯანმრთელობას იზიანებს… ის კი არა, უფრო მეტიც კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება. თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას. მეორე, რაც მინდა ვთქვა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ აბსოლუტურად. ჩემი დავალებით დამატებით ექიმების ჯგუფიც შევქმენით, ეს კონსილიუმი და ეს ყველაფერი ჩვენგანაა ორგანიზებული, იმის მიუხედავად, რომ მას, როგორც პატიმარს, სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება გაეწია და ეწევა ყოველდღიურად, პენიტენციური სამსახურის მიერ. ამის მიუხედავად, დამატებით, ჩვენ შევქმენით ექიმების ჯგუფი და ყოველდღიურად ახორციელებენ მონიტორინგს. გვაქვს სრული კომფორტი შექმნილი მისთვის, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს”.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს.


