სააკაშვილი ექიმების კონსილიუმთან თანამშრომლობასა და მედიკამენტების მიღებას კვლავ წყვეტს
29/10/2021 08:06:49 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის მიერ დანიშნულ ექიმების კონსილიუმთან თანამშრომლობასა და მედიკამენტების მიღებას კვლავ წყვეტს. მისი მიმართვა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა წაიკითხა.
როგორც ადვოკატი აცხადებს, გადაწყვეტილების მიზეზი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე უარის თქმაა.
"როგორც იცით აქამდე ვთანამშრომლობდი მთავრობის მიერ დანიშნულ სამედიცინო კონსილიუმთან, ერთი მიზნით, რომ არჩევნების დღემდე შემენარჩუნებინა მინიმალური შრომისუნარიანობა და აზროვნების უნარი. დღეს ვასრულებ ამ თანამშრომლობას. მადლობელი ვარ კონსილიუმის ყველა წევრის. სამწუხაროა, რომ მთავრობამ არ გაითვალისწინა მათი მთავარი რეკომენდაცია, დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს", - აცხადებს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა მსგავსი გადაწყვეტილება 27 ოქტომბერსაც მიიღო. მაშინ მან გადაწყვეტილების მიზეზად დაცვის უფლების წართმევა დაასახელა. 28 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტმა პროტესტის დამძიმება შეწყვიტა და თანახმა იყო ექიმებთან თანამშრომლობაზე. მისი თქმით, აღნიშნულის მიზეზი ადმინისტრაციის მიერ სააკაშვილთან კომუნიკაციის პრობლემის აღმოფხვრა გახდა.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს.


