ნანუაშვილი – ღარიბაშვილზე: "ასეთი განცხადება სუიციდის შემთხვევებს წაახალისებს"
29/10/2021 10:46:49 პოლიტიკა
ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას "არაჰუმანურს" უწოდებს.
მისი თქმით, სახელმწიფო ყოველწლიურად დიდ რესურსებს ხარჯავს სუიციდის პრევენციისთვის, მსგავსი განცხადებები კი ხელს შეუწყობს თვითმკვლელობის შემთხვევების მატებას.
"სახელმწიფოს პოლიტიკაც არის მიმართული იქითკენ, რომ იყოს დაცული ადამიანის სიცოცხლე. სახელმწიფო ყოველწლიურად ხარჯავს ძალიან დიდ რესურსს სუიციდის პრევენციისთვის. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადება ხელს შეუწყობს თვითმკვლელობებს და ეს არის ძალიან ცუდი, როცა სახელმწიფოს მმართველი პირები არ ითვალისწინებენ რეალურად იმ გავლენას, რომელიც მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ან გამოთქმულ მოსაზრებებს შეიძლება, დაუკავშირდეს მომავალში. ეს რეალურად უფრო წაახალისებს მსგავს დანაშაულს", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა "ფორმულასთან" საუბრისას.
როგორც მან აღნიშნა, ზოგადად, პენიტენციურ სისტემაში სუიციდის რისკები მაღალია. პატიმრებს შორის თვითმკვლელობის შემთხვევები დანარჩენ საზოგადოებასთან შედარებით რაოდენობრივად 8-10-ჯერ მეტია.
"[სუიციდის] რისკები ისედაც მაღალია პენიტენციურ სისტემაში და იქ მყოფი ადამიანებისთვის ეს ზოგადად სერიოზული პრობლემაა. სახელმწიფოს პოლიტიკა როდესაც მიმართულია სუიციდის პრევენციისკენ, ასეთი განცხადებები შეიძლება, ითქვას, არის პირდაპირ მოწოდება, რომ სახელმწიფომ არანაირი პასუხისმგებლობა არ აიღოს კონკრეტულ შედეგებზე და მიმართულია სწორედ მიხეილ სააკაშვილის პერსონის წინააღმდეგ" - განაცხადა ნანუაშვილმა.
ცნობისთვის: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის საკითზე საუბრისას განაცხადა, რომ „კანონში წერია, რომ ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს და თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი უნდა მოიკლას, შეუძლია მოიკლას, ამაზე სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას“.


