
რატომ „ამარაგებს“ პრემიერ–მინისტრი სააკაშვილის ადვოკატებს სტრასბურგში წარსადგენი მასალებით
29/10/2021 12:31:18 ანალიზი
საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის „წყალობით“ უკვე მრავლად დაუგროვდათ პოლიტიკური განცხადებების სახით მასალა, რომელსაც, როგორც დაანონსდა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გამოიყენებენ. ამ თვალსაზრისით გამორჩეულია, მაგალითად, ღარიბაშვილის ერთგვარი მუქარა სააკაშვილთან მიმართებაში, „თუ ჭკვიანად არ იქნება, მუხლებს დავუმატებთო“, ასევე მისი განცხადება, „ან პოლიტიკიდან უნდა წასულიყო, ან დაგვეჭირაო“.
შეუძლებელია, ამ განცხადებების პრობლემურობას თავად „ქართულ ოცნებაშიც“ არ აცნობიერებდნენ, თუმცა პრემიერი ტონის შერბილებას არ ცდილობს და როგორც “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” თვლიან, შესაძლოა, სტრასბურგისთვის „გამოდგეს“ მისი მორიგი კომენტარიც: “ფინალი [სააკაშვილის შიმშილობის – რედ.] არ ვიცი ახლა… ადამიანი თუ თავის ჯანმრთელობას იზიანებს… ის კი არა, უფრო მეტიც: კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება. თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას და ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას“.
გარდა იმისა, რომ ეს განცხადება თავისი შინაარსით უკიდურესად არაჰუმანურია და არც ქართული კანონმდებლობა იცნობს მსგავს ნორმას, იგი პარადოქსულიცაა: საქართველოს ხელისუფლება წლებია, მათ შორის, დონორების მიერ გამოყოფილი რესურსებით, სუიციდის პრევენციის პროგრამას ამუშავებს, ხოლო სამიზნე სწორედ პატიმრები არიან პენიტენციურ დაწესებულებებში მომატებული რისკების გამო.
ამასთან, იურისტები შიშობენ, რომ პრემიერის განცხადება თვითმკვლელობის ირიბ წახალისებას შეიცავს, რაც განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში დაფიქსირებული სუიციდის შემთხვევები მნიშვნელოვნად აჭარბებს ციხის გარეთ აღრიცხულს.
ინფორმაციისთვის: ჟურნალისტებისთვის სუიციდის შემთხვევების გაშუქებისას გასათვალისწინებელი მკაცრი რეკომენდაციები არსებობს, მათ შორის:
- დაუშვებელია სუიციდის რომანტიზება, სენსაციურ ჭრილში გაშუქება, წარმატებული ადამიანის თვითმკვლელობის, როგორც რაღაც უსაფუძვლოს ან აუხსნელის წარმოჩენა, რადგან მგრძნობიარე ადამიანებს შეიძლება, გაუჩნდეთ განცდა, რომ სუიციდის შემდეგ მათ სიცოცხლეს დააფასებენ;
- სუიციდი არ უნდა წარმოჩონდებოდეს პრობლემის გადაჭრის გზად;
- უნდა შესთავაზო აუდიტორიას ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რომელიც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს და სუიციდის მსხვერპლთა ოჯახის წევრებს ეხმარებათ;
- სუიციდი ჟურნალისტურ პროდუქტში არ უნდა იქნას დაყვანილი მხოლოდ ერთ მარტივ მიზეზამდე;
- დაუშვებელია იმის ხაზგასმა, როგორი ახალგაზრდა, ლამაზი, ნიჭიერი ადამიანი იყო გარდაცვლილი.
როგორც აღვნიშნეთ, ამ შემთხვევაში საუბარია მედიისთვის განკუთვნილ რეკომენდაციებზე, მაღალი თანამდებობის პირებს კი კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ.
კვლავ განცხადების პრობლემურ მხარეებს რომ დავუბრუნდეთ, იურისტები ხედავენ შესაძლო მძიმე შემთხვევისგან პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობასაც და ხელისუფლებას პოზიტიურ ვალდებულებას შეახსენებენ.
„ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება ამოვარდნილია სამართლებრივი ჩარჩოებიდან. თუ გავითვალისწინებთ იმ მოცემულობას, რომ ადამიანი იმყოფება ხელისუფლების ეფექტური კონტროლის ქვეშ – საპატიმროში, ყველა შემთხვევაში, რა მიზეზებიც არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ამ ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მათ აქვთ ვალდებულება, ეს საფრთხე გამორიცხონ. ხელისუფლება კი ცდილობს, სამართლებრივი პასუხისმგებლობა აიცილოს მძიმე შედეგზე, რომელსაც ალბათ, ელიან,“,– ამბობს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი.
კანონის ანალოგიურ განმარტებას გვთავაზობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილიც:
„ჩვენს კანონმდებლობასთან მიმართებით პრემიერ–მინისტრის ინტერპრეტაციები ვერავითარ ლოგიკაში ვერ ჯდება: სახელმწიფოს აქვს სიცოცხლის უფლებაზე ზომების გატარების ვალდებულება, რათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება იყოს დაცული და გარანტირებული. ეს განსაკუთრებით იმ პირებს შეეხებათ, რომლებიც სახელმწიფოს ზედამხედველობის ქვეშ არიან“.
მაინც რის მიღწევას ცდილობს „ქართული ოცნება“? ჰგავს მათი მიდგომა, როგორც თავად ამბობენ, „პოლიტიკურად დასრულებული“ ადამიანისადმი დამოკიდებულებას?
„ერთია, რას ამბობენ, მეორე – ფაქტობრივი მოცემულობა: რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, „ეს კაცი არაფერს წარმოადგენს, არანაირი ფაქტორი არ არისო“, ამის რწმენა გულუბრყვილობაა. ხმების უმრავლესობა, რომელსაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იღებს, პერსონალურად მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა და არა პარტიის. ამის მარტივი ფაქტობრივი დადასტურებაა 2016 წლის მოვლენები, როდესაც პარტია არჩევნების შემდეგ ორ ნაწილად გაიყო, პოლიტიკურ ლიდერთა უმრავლესობა „ევროპულ საქართველოში“ გადაბარგდა, თუმცა მათ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შედეგთან მიახლოებული მაჩვენებელიც ვერ დადეს. სააკაშვილის ჩამოსვლამ და დაპატიმრებამ განაპირობა ის, რომ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე საარჩევნო ურნასთან საქართველოს რეალობისთვის უპრეცედენტო რაოდენობის ამომრჩეველი გამოცხადდა. ამდენად, ეს კაცი ფაქტორი იყო და დღემდე ასეთად რჩება. თუ ფაქტორი არ არის, თავად „ქართული ოცნება“ რატომ უთმობს ამხელა ყურადღებას?!“,– ამბობს პოლიტიკის მიმომხილველი ვახტანგ ძაბირაძე.
რაც შეეხება პრემიერისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების ლექსიკის სიმძიმეს, ძაბირაძე ამას საარჩევნო კონტექსტში განიხილავს და ელის, რომ ტონალობა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ შეიცვლება, თუ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მსგავსი პროცესები არ განვითარდა და პოლიტიკურმა პროცესმა კვლავ ქუჩაში არ გადაინაცვლა.
„ქართული ოცნების“ აზრით (და სწორადაც თვლიან), მან ამომრჩეველთა ნაწილი, მათ შორის, იმიტომ დაკარგა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ისე არ გაუსწორდა, როგორც ამას მისი ამომრჩეველი 2012 წელს ითხოვდა. ამდენად, მათი სამიზნე საკუთარი და მეტ–ნაკლებად ნეიტრალური ელექტორატია. იგივე 27 ოქტომბრის აქციაზე ღარიბაშვილმა საკუთარ თავს გადააჭარბა: ყველა მძიმე ეპითეტი გამოიყენა. ამდენი და ერთად ჩემთვის ძალიან დამთრგუნველი იყო",– ამბობს "აქცენტთან" პოლიტიკის მიმომხილველი და მწუხარებით აღნიშნავს, რომ სწორედ მსგავსი მოთხოვნა ელექტორატიდან მოდის.
ანალიტიკოსის დაკვირვებით, სამწუხაროდ, მცირეა იმ ადამიანთა რაოდენობა საზოგადოებაშიც და პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ელიტაშიც, რომლებიც ცდილობენ, ობიექტურები და მიუკერძოებლები დარჩნენ. საზოგადოება ითხოვს სიმძაფრეს - და პოლიტიკოსებიც, როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან, ამ მოთხოვნას პასუხობენ.
„როდესაც ვხვდები, რომ სწორედ საზოგადოებაშია მსგავსი მოთხოვნილება, სწორედ ესაა ჩემთვის პრობლემა“,– დასძენს ძაბირაძე.