უკრაინელი დეპუტატი: "ჩვენს მოქალაქეებს არც ერთ წერტილში არ ვტოვებთ, სააკაშვილი გამონაკლისი არაა"
29/10/2021 13:26:10 პოლიტიკა
უკრაინელი დეპუტატები იულია კლიმენკო და ალექსანდრ კოვალჩუკი აცხადებენ, რომ საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშილის უკრაინაში დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებენ.
![]()
"პოზიცია ჩვენ ყველას ერთი გვაქვს როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს და პრეზიდენტს - ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს მსოფლიოს არც ერთ წერტილში არ ვტოვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინი უკრაინაში დავაბრუნოთ, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი გამონაკლისი არ არის. ის უკრაინა მოქალაქეა და გვინდა, რომ დავაბრუნოთ", - განაცხადა კოვალჩუკმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილთან შესვლამდე.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიონ:
"ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ 30 დღე ძალიან დიდი დროა შიმშილობისთვის და შესაბამისი სამედიცინო მომსახურეობის აღმოჩენა აუცილებელია. რომ შეგვძლებოდა მისი მონახულება, სამი დღე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით ყველა დონეზე საქართველოსა და უკრაინაში. გვინდა ვნახოთ, რამდენად კრიტიკულია მდგომარეობა. მთავარი კი ისაა, რომ მას გადავცეთ პოზიტიური ენერგია და ვუთხრათ, რომ ბევრი უკრაინელი ღელავს მის ჯანმრთელობაზე და ელოდება მის დაბრუნებას".
როგორც იულია კლიმენკომ განაცხადა, მათი მოთხოვნაა, რომ სააკაშვილი უკრაინას გადასცენ, რადგან იგი ამჟამად უკრაინის მოქალაქეა:
„ჩვენ ვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცენ, იმიტომ რომ ის უკრაინის მოქალაქეა. ამის განხილვას აქ, რა თქმა უნდა, არ დავიწყებთ. ეს არის დიპლომატებს შორის განსახილველი საკითხი".
კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე, დეპუტატმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დიპლომატიურ დონეზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
„ეს მოლაპარაკებები დიპლომატიურ დონეზე ყოველდღე მიმდინარეობს. ამ პროცესს დროს დასჭირდება, ერთ დღეში ვერ გადაწყდება. როგორც უკრაინის ელჩმა გვაცნობა, რომელსაც ჩვენ შევხვდით, მოლაპარაკებები უწყვეტად მიმდინარეობს“, - აღნიშნა დეპუტატმა.
ამასთან, მან საქართველოს ხელისუფლებას მიმართა, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაბამისი აღჭურვილობის მქონე კლინიკაში გადაიყვანონ.
ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. დღეიდან სააკაშვილი მთავრობის მიერ დანიშნულ ექიმების კონსილიუმთან თანამშრომლობასა და მედიკამენტების მიღებას წყვეტს. როგორც ადვოკატი აცხადებს, გადაწყვეტილების მიზეზი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე უარის თქმაა.


