ბესო წერედიანი: რაც სუს-ის ბრიფინგზე თქვეს ყოველ დღე ვწერ „ფეისბუკზე“
29/10/2021 17:03:17 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრ ბესო წერედიანის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერები მოწმობს, რომ ოპონენტებს 24 საათის განმავლობაში უსმენენ.
"ტვ პირველთან" საუბარში მან თქვა, რომ ვერ დაადასტურებს ჩანაწერების ავთენტურობას ამ ეტაპზე, ვინაიდან არ უნახავს სუს-ში გამართული ბრიფინგი.
„მართალი გითხრათ, არ მისმენია ამ ჩანაწერებისთვის და ვერ დავადასტურებ მის ავთენტურობას, რამდენად არის. მაგრამ ის რომ „ოცნება“ არჩევნებს გააყალებებს ამაში ეჭვი არავის არ ეპარება. ყველაზე საოცარი ის არის, რომ რასაც ახლა თქვენ მეუბნებით, რომ მათ ბრიფინგზე განაცხადეს, მე ამას ყოველ დღე ვწერ ფეისბუკზე, საკუთარ გვერდზე და ის რომ მათ სადღაც ჩანაწერები გააკეთეს, ეს იმას ნიშნავს, რომ 24 საათის განმავლობაში გვისმენენ.
დიახ, ისეთ საზიზღარი მეთოდებით გააყალბებენ არჩევნებს, რომ იმ 70 ათას კაცს, რომელიც იდგა თავისუფლების მოედანზე, მოუწევს იმ არჩევანის დასაცავად გამოსვლა ამაზე შეიძლება ყოფილიყო საუბარი, ერთადერთი, მეტი არაფერი“,- განაცხადა ბესო წერედიანმა.
ბესო წერედიანის თქმით, მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელმა დაურეკა და დაიბარა გამოკითხვაზე, თუმცა იმის გამო, რომ საბურთალოზე საარჩევნო კომისიის წევრია და ხვალ არჩევნებზე უნდა იყოს, ვერ მოახერხებდა მისვლას და მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცეს ჩვენებას.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ატარებენ გამოძიებას სახელმწიფო ხელისუფლების შეთქმულებით დამხობის მუხლით. სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ ეს საქმე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება.
სუს-ის თახმად "საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის #8 სასჯელაღასრულების დაწესებულებაში გადაყვანისთვის ხელის შეშლის მიზნით მისასვლელი გზების, სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას. მათ განზრახული აქვთ აღნიშნული დესტრუქციული ქმედებით გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი და შექმნილი ვითარებით ხელი შეუშალონ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს. მსგავს ქმედებებს ადგილი შეიძლება ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებაში ეტაპირების დროსაც".
სუს-მა გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომლის ერთ-ერთი ფიგურანტი ბესო წერედიანია.


