Accentnews.ge
კობახიძე: "დაგეგმილი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების სიმულირება"

კობახიძე: "დაგეგმილი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების სიმულირება"

29/10/2021 17:09:36 პოლიტიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

„ამ ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არის ბოროტება, ეს არის რევანშისტული პოლიტიკური ძალა, რომლის ერთადერთი მიზანია, შექმნას არეულობა და ქაოსი ჩვენს ქვეყანაში", - თქვა საუბრის დასაწყისში ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა სუს-ს მადლობა გადაუხადა.

„სახელმწიფო და ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე და არავის მისცემს ამგვარი მიზნების განხორციელების საშუალებას. მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის თითოეულ შესაბამის თანამშრომელს ამ გეგმის დროულად გამოვლენისა და დროული რეაგირებისათვის. არავინ, ვინც მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე შეტევის მიტანას, არ დარჩება დაუსჯელი.

კანონის წინაშე და კანონის შესაბამისად, ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის იმიტირებული ქრონიკის ნამდვილ მიზანს. დაგეგმილი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების სიმულირება, რათა უწყება იძულებული გამხდარიყო, მოეხდინათ სააკაშვილის სხვა ლოკაციაზე გადაადგილება, რასაც ნაციონალური მოძრაობისთვის მძიმე პროვოკაციის მოწყობის შანსი უნდა მიეცა. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ასეთ მცდელობასაც სახელმწიფო სათანადო რეაგირებას დაუპირისპირებდა", - განაცხადა კობახიძემ.

დეპუტატის აზრით, „სააკაშვილის იმიტირებული შიმშილობა" ისეთივე წარუმატებლობისთვისაა განწირული, როგორც მისი „ქურდული შემოპარვა“ საქართველოში.

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 29 ოქტომბერს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ სუს–ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად. 1. შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად), თუმცა ამის შესახებ საზოგადოებას კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ – ბაჩა მგელაძემ ამცნო.

გამოძიების ვერსით, საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს, კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის #8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისთვის ხელის შეშლის მიზნით მისასვლელი გზების, სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას. როგორც სუს-ი აცხადებს, მათ განზრახული აქვთ აღნიშნული დესტრუქციული ქმედებით გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი და შექმნილი ვითარებით ხელი შეუშალონ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S