ივანიშვილმა საარჩევნო უბანი უკომენტაროდ დატოვა
30/10/2021 05:04:42 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ხმა მთაწმინდის ერთ-ერთ უბანზე მისცა, თუმცა, ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი კვლავ არ გააკეთა. ანალოგიურად მოიქცა ივანიშვილი პირველი ტურის დროსაც.
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეეტში ტარდება, სადაც მერებს აირჩევენ. გარდა ამისა, 24 საარჩევნო ოლქში მოსახლეობამ 42 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს.
მეორე ტურში ერთმანეთს ძირითადად "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები უპირისპირდებიან. გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ოპონენტზე მეტ ხმას მოიპოვებს.
თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა კანდიდატების ნაწილმა დაწესებული ბარიერი ვერ გადალახა, რის გამოც მეორე ტურის ჩატარების საჭიროება დადგა. კერძოდ, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად - 50%-იანი საარჩევნო ბარიერი, ხოლო საკრებულოების მაჟორიტარი წევრებისთვის 40%-იანი ბარიერის გადალახვა იყო საჭირო.


