საარჩევნო უბნებზე პირველი დარღვევები დააფიქსირეს
30/10/2021 05:33:58 პოლიტიკა
საქართველოს მასშტაბით 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარებს.
კენჭისყრის პროცესი 08:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა რამდენიმე უბნის 1–15 წუთის დაგვიანებით, ან ადრე გახსნის გამო საჩივრები უკვე დაიწერა. დაგვიანებით გაიხსნა, მათ შორის ბათუმის მე-9 საარჩევნო უბანი. ამასთან, ადგილზე ხმაური იყო, რადგან როგორც განიმარტა, კომისიის თავმჯდომარემ ბიულეტენები კომისიის წევრების გარეშე გახსნა.
"დილის საათებიდან აშკარად ეტყობა, რომ დაძაბულობა იქნება ბათუმის ყველა საარჩევნო უბანზე, 47-ე უბანზე ცოტა ხნის წინ იყო დაძაბულობა, მე-12, მე-9, მე-17 უბანი- ის უბნებია, სადაც "ქართული ოცნება" ცდილობს, არ მისცეს ჩვენს წარმომადგენლებსა და კომისიის წევრებს ნორმალურად მუშაობის საშუალება. ყველას მოვუწოდებ, უნდა მივიდეთ არჩევნებზე. თუ მივდივართ არჩევნებზე, ბიძინა ივანიშვილს რჩება ნაკლები საშუალება, რომ გააყალბოს",- განაცხადა ბათუმის მერობის კანდიდატმა ოპოზიციიდან გიორგი კირთაძემ.
გარდა ამისა, უკვე დაფიქსირდა სხვა დარღვევებიც. კერძოდ, ქუთაისში 103-ე საარჩევნო უბნის შესასვლელში "ქართული ოცნების" პარტიული სიმბოლიკა – დროშა იყო განთავსებული, რაც კანონდარღვევაა, ვინაიდან უბანზე არჩევნების დღეს აგიტაცია იკრძალება.

ამასთან, დამკვირვებლები სოფელ ზემო ეწერიდან იუწყებიან, რომ გამგებლის მშობლები, რომლებსაც კორონავირუსი აქვთ, უბანზე დააფიქსირეს.
სამეგრელოში, ზუგდიდის მე-10 საარჩევნო უბანზე პოლიცია გამოიძახეს. ინციდენტი დამკვირვებლის პროტესტს მოჰყვა, რომელიც განმარტავდა, უბანზე მას დაკვირვებლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ, ხელს უშლიდნენ
„გოგონა გამოვიდა კაბინიდან და დამკვირვებელს დაანახა შემოხაზული ბიულეტენი. პოლიცია კი მე მეუბნება, რომ კიდევ ერთი გაფრთხილების შემდეგ მომიწევს საარჩევნო უბნის დატოვება“,– განაცხადა დამკვირვებელმა.
ინციდენტს ხმის მიცემის პროცესის შეფერხება არ გამოუწვევია.
ინციდენტი მოხდა ზუგდიდის #20 საარჩევნო უბანთან. როგორც მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრმა ნიკა ნარსიამ განმარტა, დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებთან სიებით აღჭურვილი ქალბატონები შეამჩნიეს და დაინტერესდნენ მობილიზების მოტივით:
„ამ დროის „ოპელით“ მოვიდა ჯონი ციმიდია, დაიწყო გნება და ჩენს დამკვირვებელს – ბექა პაპაშვილს სახეში ხელი გაარტყა“.
ორივე პირი პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა.
ხმაური იყო ქუთაისის 125-ე საარჩევნო უბანზე: ერთ-ერთი დამკვირვებელი, რომლიც აცხადებს, რომ წარმოადგენს "ოლ მედიას", ამბობს, რომ ბიულეტენი ამომრჩეველს ხელმოწერის გარეშე გადასცეს. ფაქტს უარყოფს თავად 125-ე უბნის თავმჯდომარე და ამბობს, რომ საარჩევნო პროცესი უბანზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არანაირი დარღვევა ადგილზე არ ყოფილა.


