ღარიბაშვილი: „შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით სპეკულაციები დავასრულეთ“
30/10/2021 08:58:10 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი პოლიტიკური არჩევანის დაფიქსირების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საერთო ეროვნული არჩევნები 47%–ით მოიგო, რითაც დაასრულა „სპეკულაციები შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით“.
„ჩვენ საერთო ეროვნული არჩევნები მოვიგეთ, მივიღეთ 47 პროცენტი, რითაც დავასრულეთ სპეკულაციები შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის მთავარი სლოგანი იყო რეფერენდუმი და ეს რეფერენდუმი მათ წააგეს. ასევე მათ წააგეს 44 მუნიციპალიტეტში. დღეს უკვე 20 მუნიციპალიტეტში, ჩემი ღრმა რწმენით, ყველგან, 20-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი ქმით, დღეს გარკვეული მცდელობები იყო პროვოკაციების მოწყობის, მათ შორის ზუგდიდში, მაგრამ პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე:
„დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული მცდელობები იყო პროვოკაციების მოწყობის, მათ შორის ზუგდიდში, მაგრამ პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე, მე მინდა, მათ მადლობა გადავუხადო და ჩვენ რა თქმა უნდა, არც ერთ პროვოკატორს არ მივცემთ უფლებას, რომ საარჩევნო უბნებზე გარკვეული არეულობა, შფოთი და ქაოსი შეიტანოს. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტიის წარმომადგენელი იქნება, ყველას კანონის შესაბამისად გაეცემა პასუხი“.


