მარკირების უგულებელყოფა, ამომრჩეველთა ნების კონტროლი, ძალადობა ჟურნალისტებზე, უცხო პირები საარჩევნო უბნებთან – რა ტენდენციები იკვეთება ამ დროისთვის
30/10/2021 09:43:25 პოლიტიკა
„საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველომ“ ამ დროისთვის 50 წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა გამოავლინა და 8 საჩივარი დაწერა.
არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოკეტილი ტენდენციები:
- კვლავ პრობლემად რჩება კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის რადიუსის დარღვევა. კანონმდებლობის აღნიშნული მუხლის მოთხოვნა არ სრულდება დაუდგენელი პირებისა და კოორდინატორების მიერ;
- საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვა: ეს განსაკუთრებით ხშირია ბათუმის, რუსთავის და თელავის საარჩევნო უბნებში. ნაკადის მომწესრიგებელი ამომრჩევლის ვინაობას ხმამაღლა ამბობს, მონაცემებს ინიშნავენ კონკრეტული პირები და გადასცემენ სავარაუდოდ, შტაბს, რაც ამომრჩევლის ნების კონტროლად ფასდება. რუსთავის მე–20 ოლქის #66 უბანზე ამომრჩეველთა რეგისტრატორებიც იყვნენ მსგავს ქმედებებში ჩართულნი. დაიწერა საჩივარი;
- დამკვირვებლების საქმიანობის ხელის შეშლა;
- საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის მარკირების შემოწმების გარეშე შეშვება: ჩხოროწყუს #15 უბანზე 10–მა ამომრჩეველმა მარკირება შემოწმების გარეშე მისცა ხმა;
- ჟურნალისტების საქმიანობის ხელის შეშლა დაფიქსირდა ზუგდიდში;
- ზუგდიდში "ქართულ ოცნებასთან" აფილირებული ორგანიზაციების: “კავშირის“, „მწვანე დედამიწა“ და „ჯერ საქართველოსთვის“ დამკვირვებლების მხრიდან დაფიქსირდა საარჩევნო წესის დარღვევა და მათ ამაში ხელს კომისია უწყობდა.
კოორდინატორებთან დაკავშირებთ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებსამოუწოდა, თავი დაანებონ „ქართული ოცნების“ აგიტატორების ბულინგს, რადგან ისინი საარჩევნო სიების ფლობითა და სარგებლობით უკანონოდ არაფერს აკეთებენ:
„ჩვენი წარმომადგენლების ბულინგი „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების მიერ მიმდინარეობს. კანონის შესაბამისად, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, უფლება აქვს, თუ საარჩევნო უბანთან 100 მეტრიან დისტანციას იცავს, გასწიოს აგიტაციაც კი, არათუ ჰქონდეს საარჩევნო სიები, რომელიც მოეპოვება ცესკო-ს, ასევე მოახდინოს ამომრჩევლის მობილიზება და აწარმოოს სააგიტაციო მუშაობაც კი, 100 მეტრიანი რადიუსის გარეთ. ამის მიუხედავად, იმ მიზნით, რომ ჩვენს წარმომადგენლებში დაბნეულობა გამოიწვიონ, „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების ჟურნალისტები დასდევენ და ცდილობენ, ჩვენი წარმომადგენლების ბულინგს, მათ ეკითხებიან, რატომ აქვთ სიები. რამდენიმე შემთხვევა მართლაც დაფიქსირდა, როცა სიებს არ აჩვენებენ, რაც მათი დაბნეულობით აიხსნება, თუმცა ხაზგასმით ვამბობ, რომ მათ აქვთ სიების ფლობისა და სარგებლობის უფლება. ამიტომ, ყველა ჟურნალისტსა და ტელევიზიას მოვუწოდებ, თავი დაანებონ ამ ადამიანების ბულინგს, რადგან ისინი საარჩევნო სიების სარგებლობით უკანონოდ არაფერს აკეთებენ. ვისაც სია აქვს, ამის ლეგიტიმური უფლება აქვს. მათი დაბნეულობის მიზანია, საარჩევნო პროვოკაციების მოწყობა „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების მხრიდან. ეს ტელევიზიები „ძირითად დარღვევად“ სიებს იშველიებენ, რაც დარღვევა არ არის“.


