„ჩვენს ისტორიაში კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი რომ არ ჩაიწეროს" – მარგველაშვილი ზურაბიშვილს სააკაშვილის საკითხით დაინტერესებას ურჩევს
30/10/2021 10:37:58 პოლიტიკა
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მის წინამორბედზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოში კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი რომ არ ჩაიწეროს, მესამე პრეზიდენტის პატიმრობის საკითხი უნდა გადაიჭრას.
მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილს საკითხით დაინტერესებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს:
„კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი რომ არ ჩაიწეროს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და არ მოგვიხდეს მერე, ქართველების იმის მტკიცება, რომ როგორც კი კრემლს არ მოეწონება ჩვენს მიერ არჩეული ადამიანი, ბოლოს ეს ადამიანი სიკვდილამდე მიგვყავს – აი, ამის მტკიცება რომ არ მოგვიხდეს, რომ არ მოგვიხდეს იმის მტკიცება, რომ რუსეთის ამა თუ იმ ფორმით მანიპულირებული საზოგადოება ვართ, ჩემი აზრით, ეს სირთულე უნდა მოიხსნას. მიმაჩნია, როგორც მესამე პრეზიდენტს, ისე მეოთხეს და განსაკუთრებით ქალბატონ პრეზიდენტს, ამ საკითხის ამ ჭრილში დაინტერესება მართებს.
ამასთან, მან საკუთარი არჩევანის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხმა ოპოზიციური ცვლილებებს მისცა.
„მე მივეცი ხმა ოპოზიციურ ცვლილებებს, მე მივეცი ხმა, რომ თბილისში, ჩემს ქალაქში, დასრულდეს კორუფცია, ძარცვა და ადამიანის ქონების და ღირსების მიტაცება, - განაცხადა მარგველაშვილმა.


