„დაჟინებული მზერა“, „ხელის გადახვევა“ – რატომ იყო პარალიზებული გლდანის #84 უბანი
30/10/2021 11:49:29 პოლიტიკა
თბილისში, გლდანის #84 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეჩერებული იყო.
აღნიშნულს წინ უძღოდა ენმ–ისა და „ქართული ოცნების“ წევრებს შორის დაპირისპირება, თავად დაპირისპირებას კი დამკვირვებლების გაძევების მცდელობა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
„დილიდან ქართული ოცნების აქტივისტები თაზო კუჭაშვილი და ოთო რაჭველიშვილი იყვნენ შეკრებილნი უბანზე, ცდილობდნენ ოპოზიციის დამკვირვებლების გგამოწვევას, რასაც არ ვყვებოდით. მაგალითად, კახა ალადაშვილის გაძევების მიზეზი გახდა ის, რომ თურმე, ვციტირებ, „მან დაჟინებული მზერა მიაპყრო ამომრჩეველს“. კუჭაშვილმა უბანზე ადამიანებისთვის შეურაცხყოფა ადამიანებისთვის, ღრიალი და ამის გამო კომისიის წევრებმა ჩვენს ორ დამკვირვებელს უბანი დაატოვებინეს“,– განაცხადა დამკვირვებელმა თამარ კაკაბაძე.
თავად კუჭაშვილი, რომელმაც ასევე დატოვა უბანი კონფლიქტის შემდეგ, ამბობს, რომ ალადაშვილი, რომელიც მისი თქმით, „ზონდერია“, უბანზე ეწეოდა აგიტაციას და აშინებდა ამომრჩევლებს. კითხვაზე, რაში გამოიხატებოდა აღნიშნული, კუჭაშვილი პასუხობს:
„ეს იყო „დაჟინებული მზერა“, ამომრჩევლისთვის ხელის გადახვევა და მითითება კონკრეტულ ნომერზე“.
ალადაშვილი კი კუჭაშვილს ადანაშაულებს პროვოკაციების მოწყობაში:
„პირველ ტურში ეს უბანი ოპოზიციამ 100 ხმით მოიგო. იციან, რომ ეს ოპოზიციური უბანია. კალაძემ დღეს 10 ზონდერი მომიგზავნა, რომლებიც დილიდან დამდევენ, თუთქოს ვიღაცას რაღაცას ვანიშნებ. ერთი ფაქტი მომიყვანონ. არ მინდოდა კონფლიქტში შესვა, რამდენჯერმე გავეცალე, მაგრამ არ მომეშვა. კომისიის თავმჯდომარემ უსაფუძვლოდ გამომაძევა უბნიდან. მინდა ვთქვა, რომ შარშან – 2020 წლის არჩევნებში ჩემი მეგობრები იარაღით დაარბიეს (გახსოვთ ეს ფაქტი). ადამიანებს იმიტომ, რომ ჩემი მეგობრები იყვნენ, კალაძემ, მისმა პოლიციამ (არ ვიცი, რა დავარქვა), იარაღი ჩაუდეს, რამდენიმე კაცი ასე დაიჭირეს. კალაძე „ჩამდებია“ და ასე იგებს არჩევნებს. მიუხედავად იმისა, რომ გუნდელები ვიყავით, არანაირი პატივისცემა არ გააჩნია, მორალი დაკარგული აქვს!“,– განაცხადა კახაბერ ალადაშვილმა.
დამკვირვებლები დარწმუნებულნი არიან, რომ "ქართული ონების" აქტივისებს უბნის შედეგების გაბათილების მიღწევა სურთ.


