"ოთხი შვილის დედას, შშმ პირს, რომელსაც კოვიდი აქვს, დაემუქრნენ რომ საკვებს ვერ მიიღებს"
30/10/2021 13:20:55 პოლიტიკა
„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მოქალაქეების აქტიურობის ფონზე „ქართული ოცნება“ პანიკაშია. მან საილუსტრაციოდ კონკრეტული ფაქტი მოიყვანა, რომელიც მისი თქმით, თბილისში, დიღომში დაფიქსირდა. კერძოდ, ხოშტარია ყვება, რომ ოთხი შვილის დედას, შშმ პირს, რომელიც პეტრიწის #9 განთავსებულ უფასო სასადილოში იღებს კუთვნილ ულუფას, დაემუქრნენ, რომ თუ არ მივა არჩვებზე, საკვებს ვეღარ მიიღებს.
„მას კოვიდი აქვს და მიუხედავად ამისა, აძალებდნენ, მისულიყო უბანზე. ის არ მივიდა უბანზე, მაგრამ მინდოდა, მომეყოლა იმ ამორალურობის საჩვენებლად, რომელსაც ისტერიკაში მყოფი „ქართული ოცნებიდან“ ვხედავთ. ცხადია, ჩვენ ამ ქალბატონის და სხვების უფლებებს დავიცავთ, მაგრამ ჩვენ აქტიური მოქალაქეების, ცვლილებების და გამარჯვების მუხტის ფონზე, რომელიც იგრძნობა თბილისში, ზუგდიდში, ბათუმში და ბევრ სხვა ქალაქში, ვხედავთ აბსოლუტურ პანიკაში მყოფ „ქართულ ოცნებას“,– განაცხადა ხოშტარიამ.
მისი თქმით, „გამარჯვება ახლოსაა“ და მასში ყველას თანამონაწილეობა მნიშვნელოვანია.


