ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
30/10/2021 17:36:30 პოლიტიკა
თბილისის მერობის კანდიდატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 საპყრობილეში მყოფ ექს–პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, სეწყვიტოს შიმშილობა მას შემდეგ, რაც შემაჯამებელი ოქმები გამოქვეყნდება და დადასტურდება ოპოზიციის გამარჯვება.
„უკვალოდ არ ჩაიარა მიხეილ სააკაშვილის როგორც ლიდერის, როგორც პოლიტიკოსის, როგორც თავდადებული ქართველის თავგანწირვამ. დარწმუნებული ვარ, რომ ის ახლა ჩვენ გვიყურებს და მინდა აქედან მივესალმო დიდი პატივისცემით და ვუსურვო ჯანმრთელობა. ხვალ, როცა შემაჯამებელი ოქმები შედგება და გამოცხადდება ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვება, ჩემი სურვილი იქნება, ახლა, როცა ოპოზიცია არის გამარჯვებული, შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან იგი ჩვენ გვიჭირდება ჯანმრთელი და ცოცხალი. ჩვენ არ უნდა გავახაროთ ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ამასთან, მან "ლელოს" ოფისში ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად გამართული ბრიფინგიდან მათ შორის "ქართული ოცნების" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს მიმართა:
„ძალიან თხელ ყინულზე დასეირნობთ, ბატონებო, და არ მინდა, რომ ეს თხელი ყინული ჩაგიტყდეთ. არ მინდა ჩადგეთ იმ მდგომარეობაში, რომ ხალხის მიერ მოპოვებული გამარჯვება წაართვათ ხალხს. ჩვენ მარტო არ ვართ ამ ბრძოლაში. ადგილობრივი საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა საკადრის პასუხს გაგცემთ“.
ცნობისთვის: ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, 4 დიდ ქალაქშ "ქართული ოცნების" კანდიდატები იმარჯვებენ.
ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების II ტურის ეგზიტპოლის თანახმად კი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები იმარჯვებენ.
დღეს, 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდა. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს ირჩევდნენ.


