მელია: "ქვეყანაში არჩევნები გაუქმებულია! მოემზადეთ მძიმე, თუმცა საინტერესო თავგადასავლისთვის!“
30/10/2021 23:09:43 პოლიტიკა
ნურავის მოვატყუებთ, ამ ქვეყანაში არჩევნები გაუქმებულია! – ამგვარად აფასებს თბილისის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან ნიკა მელია თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებს.
მელის თქმით, აღნიშნულზე პასუხი ადეკვატური იქნება და აქტიურ საზოგადოებას მოუწოდებს, მოემზადონ მძიმე, თუმცა „საინტერესო თავგადასავლისთვის“.
„ძალიან ბევრია საბრძოლველი მომდევნო დღეებში, მაგრამ ახალა მინდა,მთავარი გითხრათ - ნურავინ ნურავის მოვატყუებთ, ამ ქვეყანაში, არჩევნები არის გაუქმებული! დიდი ბოქლომი დაედო ამ საქმეს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ქვეყანაში ივანიშვილის პირობებში არჩევნები ჩატარდება, მე მის მოსაზრებას, როგორც ერთი პოლიტიკოსი ვერ გავიზიარებ, რადგან არ მჯერა: ბევრ მუნიციპალიტეტში მოპოვებული გამარჯვება ბიძინა ვანიშვილმა ისე წაიღო საკუთარ რეზიდენციებში, თითქოს მოპოვებული არც იყო – მოიპარა! როგორ მოიპარა, ეს კარგად დაინახეთ. მაგრამ ივანიშვილს დავპირდი მეგობრებთან ერთად 14 ოქტომბერს, რომ ყველაფერი მასზე იქნებოდა დამოკიდებული, თუ როგორ მოიქცეოდა 30 ოქტომბერს. მაშინ გულწრფელი ვიყავი და ახლაც გულწრფელი ვარ – ივანიშვილზე იყო დამოკიდებული და მან გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც გადადგა. პასუხი იქნება ადეკვატური!“.
მელია ამბობს, რომ კონკრეტულ გეგმას საზოგადოებას ხვალ წარუდგენს.
„ხვალ კონკრეტული გეგმით წარვდგებით თქვენს წინაშე და ბრძოლა იქნება უკომპრომისო! პარტიული ინტერესები, პარტიული პოლიტიკა აღარ არსებობს. კოალიციამ იმუშავა, ხალხს რწმენა გაუღვიძა, ახლა ჩვენი ამოცანა, ეს კოალიცია კიდევ უფრო ფართო გახდეს, მაგრამ ამ კოალიციაში ყველას ადგილი უნდა იყოს, არა მხოლოდ პოლიტიკოსების: საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქეებს, ჟურნალისტების, ექიმების, ყველასი“.
წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის ოპოზიციონერი კანდიდატი მხოლოდ წალენჯიხაში იმარჯვებს.


