დეკანოიძის თქმით, 2 000–ზე მეტი ბიულეტენი გაბათილდა, ოპონენტი კი მას 1 300 ხმით უსწრებს
30/10/2021 23:44:40 პოლიტიკა
ქუთაისში ხმების 96%-ის დათვლის შედეგად 52.3%-ით ლიდერობს „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს ხატია დეკანოიძეს კი 47.6%–იანი მხარდაჭერა აქვს.
როგორც დეკანოიძემ „TV პირველის" ეთერში განაცხადა, 2000-ს აღემატება ქუთაისში ბათილი ბიულეტენების რაოდენობა, მაშინ, როდესაც მას ოპონენტი დაახლოებით 1300 ხმით უსწრებს.
„პრაქტიკულად შემოსულია თითქმის ყველა მონაცემი. სურათი არის ასეთი: სხვაობა ჩემსა და ჩემს ოპონენტს შორის არის დაახლოებით 1300 ხმა, ზუსტი რიცხვის თქმა გამიჭირდება, რადგან კიდევ ერთი უბნის მონაცემებია შემოსასვლელი. პარადოქსი ის არის, რომ 2000-ზე მეტი ბიულეტენი არის გაბათილებული. მათი დიდი ნაწილის ოპოზიციის მხარდამჭერთა ხმებია", - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
30 ოქტომბერს საქართველოს 5 ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში გაიმართა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური. ამჟამად გრძელდება ხმების დათვლა, თუმცა არსებული სურათის მიხედვით, ოპოზიციის კანდიდატი მხოლოდ წალენჯიხაში ლიდერობს.


