ბათუმისა და ქუთაისის მერობის კანდიდატები "ოცნებიდან": "ღირსეული გამარჯვება მოვიპოვეთ"
31/10/2021 07:17:11 პოლიტიკა
ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა მუნიციპალიტეტის ორგანოთა 30 ოქტომბრის არჩევნებში ღირსეული გამარჯვება მოიპოვა.
„მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდზე დაუდგა ქუთაისს, სოსო ხახალეიშვილს, „ქართულ ოცნებას“. ჩვენ გუშინ ღირსეული გამარჯვება მოვიპოვეთ და ეს ოფიციალურადაც გამოცხადებულია ცესკოს ოფიციალური მონაცემებით. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი დღეებიდან გვექნება აქტიური და პოზიტიური თანამშრომლობა. ძალიან ბევრი დაწყებული საქმე გაგრძელდება. იქნება ახალი საქმეებიც. ვფიქრობ, რომ ქუთაისში, ყველა ვისაც ეს ქალაქი უყვარს, მზად იქნება იმისათვის, რომ ვიმუშაოთ და ჩვენს ქალაქს მივცეთ უფრო კეთილი და წარმატებული ხვალინდელი დღე“, – აცხადებს ხახალეიშვლი.
"ოცნების" ღირსეულ გამარჯვებაზე საუბრობს ბათუმში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანიც:
„ჩვენ ღირსეულად გავიმარჯვეთ, ძალიან მძიმე და სიძულვილის ენით გაჯერებული ორივე ტურის მიუხედავად, რაც ჩემ მიმართ ტალახის სროლით და „ფეიკ“ ნიუსებით იყო გაჯერებული. მინდა მადლობა გადავუხადო 77 000 ამომრჩეველს, რომლებიც არჩევნებზე მივიდა და ქვეყნის მომავალ განვითარებას ხმა მისცა. პრაქტიკულად დღეიდან ვაგრძელებთ იმ პროექტებს, რომლებიც წამოწყებული გვქონდა და დიდი მოლოდინით ელოდებიან ჩვენი მოქალაქეები. ჩვენი პროგრამული ხედვების რეალიზება დაიწყება".
ცნობისთვის: ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში ხმათა 100%-ის დათვლის შემდეგ 51, 643% იოსებ ხახალეიშვილმა მოიპოვა. მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხატია დეკანოიძე მას 3%-ით ჩამორჩა. არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა 48,357%-მა დაუჭირა მხარი ოპოზიციის კანდიდატს.
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლარინა ლალიაშვილის განცხადებით, ქუთაისში საკუთარი არჩევანი 69 871-მა ადამიანმა დააფიქსირა, რომელთაგან 32 703-მა ხმა „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ ხატია დეკანოიძეს მისცა, ხოლო 34 925-მა – ხახალეიშვილს. როგორც მან განაცხადა, საოლქო საარჩევნო კომისიაში 16 საჩივარი შევიდა, რომელთა დიდი ნაწილი პროცედურულ გადაცდომებზეა დაწერილი და მისი თქმით, სავარაუდოდ, შედეგებზე რაიმე ტიპის გავლენას ვერ იქონიებს. ქუთაისში ბათილი ბიულეტენების ჯამმა 2396 შეადგინა.
რაც შეეხება ბათუმს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ბათუმში ხმათა 100%-ის დათვლის შემდეგ ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ 48.982% მიიღო, ხოლო "ოცნების" კანდიდატმა –51.018% .


