"მჯერა, ამ არჩევნებით დავასრულებთ პოლიტიკაში დესტრუქციას, მტრობაში გადაზრდილ დაპირისპირებას, ზიზღს, ბოღმას და რევანშის წადილს"
31/10/2021 09:01:32 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე თბილისელებს მადლობას უხდის მათ და აცხადებს, რომ არჩევნები დასრულდა ქვეყნის, დედაქალაქის, თითოეული თბილისელისა და საქართველოს მოქალაქის გამარჯვებით.
"მინდა, მივმართო ჩემს თბილისელებს, ერთხელ უკვე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ - ჩემთვის არ არსებობს ორი თბილისი. მე ამირჩია ამ ქალაქის უმრავლესობამ და ვიქნები თბილისში მცხოვრები უკლებლივ ყველა ადამიანის მერი. თითოეული თბილისელის, თითოეული მოქალაქის, ჩვენი დედაქალაქისა და ქვეყნის ინტერესების დამცველი. ეს ასეა, ასე იყო და, რა თქმა უნდა, ასე იქნება. ამ არჩევნებით, მჯერა, ჩვენ საბოლოოდ დავასრულებთ ქართულ პოლიტიკაში დესტრუქციას, ერთმანეთისა და ქვეყნის მტრობაში გადაზრდილ დაპირისპირებას, ზიზღს, ბოღმას და რევანშის წადილს. ჩვენს ქვეყანას არ აქვს და არ უნდა ჰქონდეს ამაზე დასაკარგი დრო", – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ახალი ენერგიით და მომავალზე ორიენტირებული მიზნებით და მიდგომებით წარდგება საზოგადოების წინაშე.
30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები 15 მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდა. ცსკ–ის წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა, ყველგან მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადება.


