კობახიძე – ივანიშვილზე: "ასეთი მასშტაბის დანაკლისის შევსება შევძელით, დღეს „ოცნება“ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ლიდერების გუნდია"
31/10/2021 11:46:16 პოლიტიკა
"ეს იყო პირველი არჩევნები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ჩავატარეთ, ასეთი მასშტაბის დანაკლისის შევსება მხოლოდ გუნდის ერთიანობით იყო შესაძლებელი და ჩვენ ეს შევძელით", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, "დღეს „ქართული ოცნება“ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ლიდერების გუნდია, რომელიც ყველა გამოწვევას ერთიანობით უპირისპირდება".
"სწორედ ეს ერთიანობა გახდა ჩვენი შთამბეჭდავი გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი", – დასძინა მან.
მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის წინ 6- თვიანი ხელოვნურად შექმნილი კრიზისი უძღოდა, თუმცა ამის მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ ამ სირთულეების დაძლევა წარმატებულად შეძლო:
"შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს წინ უძღოდა საბოტაჟი, 6- თვიანი ხელოვნური კრიზისი. ორი დამნაშავის გათავისუფლება, ამ მოვლენებმა ბუნებრივია არჩევნების წინ დამატებითი სირთულეები შეგვიქმნა, თუმცა სათანადოდ გააზრებული ნაბიჯებით ამ სირთულეების დაძლევა წარმატებით შევძელით. ჩვენს მიერ მოპოვებული გამარჯვება არის ჩვენი პარტიის თითოეული წევრისა და მხარდამჭერის დამსახურება. მადლობას ვუხდი პარტიის 40 000-ზე მეტ წევრს ერთგულებისა და თავდადებისთვის, რომლის გარეშეც ეს შედეგი ვერ დადგებოდა“.


