როგორ გეგმავს "ოცნება" უმრავლესობის მოპოვებას რამდენიმე საკრებულოში
31/10/2021 12:00:56 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რამდენიმე საკრებულოში, სადაც მმართველ პარტიას უმრავლესობა არ აქვს, უმრავლესობა საკრებულოს წევრებთან მოლაპარაკებების საფუძველზე ჩამოყალიბდება.
მისი თქმით, ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
"ქართულ ოცნებას" მყარი უმრავლესობა აქვს თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში. რამდენიმე საკრებულოში, სადაც მას ერთპარტიული უმრავლესობა არ აქვს, უმრავლესობა საკრებულოს წევრებთან მოლაპარაკებების საფუძველზე ჩამოყალიბდება. ამ საკითხზე მუშაობა უკვე წარმატებით დაწყებულია. ჩვენ მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმი, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ე.წ. 43%-იან ბარიერს უკავშირებდნენ. როგორც მოგეხსენებათ, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების პირველ ტურში ხმების 47% მიიღო. გარდა ამისა, ჩვენ მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმის მეორე ტურიც, სადაც ამომრჩეველთა ხმების 55% მივიღეთ. მთლიანობაში „ქართულმა ოცნებამ“ ეს არჩევნები მოიგო მის ყველა ასპექტში. ჩვენ პრაქტიკულად გავიმეორეთ შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგი და ეს შევძელით ძალიან რთული პროცესების ფონზე, რომელიც გასული 1 წლის მანძილზე გამოვიარეთ“, - განაცხადა კობახიძემ.


