ქამადაძე – აშშ–ისა და ევროკავშირის ელჩებს: "თქვენს ქვეყნებში რომ ასეთი არჩევნები ჩატარდეს, თქვენი რეაქცია როგორი იქნება?"
31/10/2021 12:48:07 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ საქართველოში აშშ–ისა და ევროკავშირის ელჩების მხრიდან "30 ოქტომბრის არჩევნების გულწრფელ შეფასებას" მოელის.
"მე, როგორ ამ ქვეყნის რიგითმა მოქალაქემ, რომელიც არის დასავლური ღირებულებების ერთგული და პატივს სცემს ამ ღირებულებებს, მსურს, თხოვნით მივმართო აშშ–ის ელჩ ქალბატონ კელი დეგნანს და ევროკავშირის ელჩ ბატონ კარლ ჰარცელს: ძვირფასო ელჩებო, თქვენს ქვეყნებში რომ ასეთი არჩევნები ჩატარდეს, თქვენი რეაქცია როგორი იქნება? მე თქვენგან ველოდები მართლა გულწრფელ შეფასებას. ხელების გადაგრეხვის შედეგად 1%–იან სხვაობაზე მეტს რომ ვერ იწერს სახელისიფლებო კანდიდატი, ეს შეიძლება თუ არა ჩაითვალოს სამართლიან არჩევნებად?", – მიმართავს ქამადაძე დიპლომატებს.
მისივე თქმით, ბათუმში ბათილი ბიულეტენების ჯამმა 2071 შეადგინა, კანდიდატების შორის სხვაობა კი 1200 ხმაა. ოპოზიციის შეთანხმებულმა კანდიდატმა გიორგი კირთაძემ 36 710 ხმა მიიღო, "ქართული ოცნების" კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა კი – 38 236.
როგორც მან განაცხადა, კომისიის წევრებს ხელისუფლებისგან ჰქონდათ დავალებული, გაებათილებინათ ოპოზიციის ბიულეტენები:
"იმაზე ორჯერ მეტი ბიულეტენია ბათილი, ვიდრე არის კანდიდატების ხმებს შორის სხვაობა, რაც დაწერა ცესკომ. 2071 ბიულეტინია ბათილი და სხვაობა არია კანდიდატებს შორის 1200 ხმა. გუშინ 19:30 საათზე ნახევარი საათით ადრე, ვიდრე დაიხურებოდა უბნები, ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია "ქართული ოცნების" შტაბიდან, რომ მმართველმა პარტიამ გასცა დავალება კომისიის წევრებზე, რომ ბათილად ეცნოთ ისეთი ბიულეტენები, სადაც ამომრჩევლის ნება ცალსახად იკითხება".
მისი თქმით, ოპოზიცია თითოეული ხმის დასაცავად იბრძოლებს.
ცსკ–ის წინასწარი მონაცემებით, ბათუმის მერის არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა გაიმარჯვა. მან ხმების 51.018% მიიღო. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"კანდიდატმა გიორგი კირთაძემ - 48.982%.


