დეკანოიძე ქუთაისში რამდენიმე უბნის შედეგების გაუქმებას და ბათილი ბიულეტენების გადათვლას მოითხოვს
31/10/2021 13:40:48 პოლიტიკა
ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ქუთაისში რამდენიმე საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას და ბათილი ბიულეტენების გადათვლას მოითხოვს.
მისი თქმით, არჩევნების დღეს გამოვლენილმა სერიოზულმა დარღვევებმა, საბოლოო შედეგზე გავლენა მოახდინა.
როგორც მან განაცხადა, ქუთაისის 124 უბნის შედეგების დათვლის შემდეგ კანდიდატებს შორის სხვაობა 2 222 ხმაა. საერთო ბათილი ბიულეტინების რაოდენობა კი - 2 396, რაც აღემატება კანდიდატებს შორის სხვაობას. საბოლოო ოქმებში დისბალანსი 124-დან 20 უბნის ოლქში დაფიქსირდა, დეკანოიძის თქმით, იგი მოითხოვს ყველა ამ უბნის გადათვლას.
ამასთან, მან ისაუბრა გადასატან ყუთებთან, ე.წ. კოვიდ-უბნებთან და სასჯელაღრსულების დაწესებულების საარჩევნო უბნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე:
"კოვიდ-უბანზე, სულ 518 ადამიანი დარეგისტრირდა, მათგან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 441-მა. ცესკოს მონაცემებით ოპოზიციამ - 68, ხოლო ქართულმა ოცნებამ - 356 ხმა მიიღო, 15 ბიულეტენი კი ბათილი იყო ცნობილი. დეკანოიძის თქმით, კოვიდ-უბანზე დისბალანსის გარდა, არ მოქმედებდა ფარულობის პრინციპი ხმის მიცემისას. ოპოზიციას არ შეეძლო დაკვირვებოდა ხმის მიცემის პროცესს. ამ უბანზეც მოითხოვენ გადათვლას და გაბათილებას, დიდი რაოდენობით დისბალანსისა და ფარულობის პრინციპის დარღვევის გამო. მერობის კანდიდატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს კოვიდ-უბანზე რეგისტრაციისას პრობლემები ექმნებოდათ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ საარჩევნო უბანზე - 155 ადამიანი იყო რეგისტრირებული. აქედან ხმა 145-მა ადამიანმა მისცა, 123-მა ქართულ ოცნებას დაუჭირა მხარი. დეკანოიძის თქმით, აქ ოპოზიციას ხმის მიცემის პროცესზე დაკვირვების ბერკეტი არ ჰქონდა. ამ შემთხევაშიც არსებობს ეჭვები ფარულად ხმის მიცემის პროცესთან დაკავშირებით, ვინაიდან ოპოზიციისთვის უცნობია, რა ვითარებაში წარიმართა ხმის მიცემა. დეკანოიძე ამ უბნის გაბათილებასაც მოითხოვს.გადასატან ყუთზე ქუთაისში 3 416 ადამიანი იყო რეგისტრირებული. ამ შემთხვევაშიც ოპოზიციის დამკვირვებლებს არ ჰქონდათ ხმის მიცემის პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა, შესაბამისად არსებობს ეჭვები კენჭისყრის ფარულობასთან დაკავშირებით. დეკანოიძის თქმით, იმ პირობებში, როცა კანდიდატებს შორის სხვაობა 2 222 ხმაა, გადასატან ყუთზე რეგისტრირებული ადამიანების განსაკუთრებით დიდი რიცხვი, შესაძლოა, ყოფილიყო ხმებით მანიპულირების გზა. ამასთანავე, ოპოზიციის მომხრეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა დროულად გაევლოთ რეგისტრაცია".
გარდა ამისა,დეკანოიძე ასახელებს კონკრეტულ უბნებს, სადაც, მისი თქმით, დარღვევებს ჰქონდა ადგილი:
"#14, #15, #40, #41 და #43 უბნებზე გამოვლინდა ძალადობის ფაქტები. #69, #70, #71 უბნებთან მისვლა ოპოზიციის ამომრჩევლებისთვის გართულებული იყო, ვინაიდან უბნებთან მისასვლელ გზებზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იყვნენ კონცენტრირებული ქართულ ოცნების ე.წ „ქუჩის მაყურებლები“. პოლიცია კი ასეთი შემთხვევებისას უმოქმედო იყო. #37 უბანზე კი განსაკუთრებით ბევრი ადამიანი იყო კონცენტრირებული მაშინ, როცა უბანზე ოპოზიციური ამომრჩეველი მივიდოდა".


