საერთო ოპოზიციური გეგმა ცნობილია
31/10/2021 15:58:35 პოლიტიკა
საერთო ოპოზიციური გეგმა ცნობილია. როგორც ენმ–ის ლიდერმა ნიკა მელიამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 2 ნოემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება ბათუმში, მოგვიანებით – ქუთაისში, ზუგდიდში და სხვა ქალაქებში.
მისივე თქმით, მასშტაბური მიტინგი 7 ნოემბერს თბილისში ჩატარდება. მანამდე კი "მშვიდობიანი აქტივობები" რეგიონებში გაიმართება.
"ხელისუფლებას ამაოდ ჰგონია, რომ გუშინ გამარჯვება მოიპოვა. მას გუშინ გამარჯვება არ მოუპოვებია. გამარჯვებას მოიპოვებს ქართველი ხალხი ძალიან მალე. ჩვენ ვაპირებთ მაღალი მოტივაციით, უკომპრომისო ბრძოლით, ფართო ფრონტის ბრძოლის გაჩაღებას. [...] არ მივცემთ მოძალადეებს ამოსუნთქვის შესაძლებლობას. [...] კვირა დღეს გაიმართება აქცია თბილისში. ძალიან ბევრი თვალსაზრისით ეს იქნება აქამდე გამართული მიტინგებისგან განსხვავებული. შინაარსი და დატვირთვა განსხვავებული იქნება", – განაცხადა მელიამ და აქციის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
ამასთან, მისი თქმით, "აქციების პარალელურად, ოპოზიცია არჩევნების შედეგების გასაჩივრების პროცესებში შევა, რადგან დაარწმუნონ საერთაშორისო პარტნიორები, რომ ამ სახელმწიფოში ინსტიტუტი, მათ შორის სასამართლო არ არსებობს".
"წინ გველოდება მძიმე და მნიშვნელოვანი თავგადასავალი [...] ამ გამზირიდან ჩვენ დამარცხებულები არ გავალთ. მომავალ შეხვედრამდე თბილისში კვირას რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე", – მიმართა მელიამ აქციის მონაწილეეებს.
30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები 15 მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდა. ცსკ–ის წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა, ყველგან მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლას" აანონსებს.


