გახარია: "ეს არჩევნები არც თავისუფალი ყოფილა, არც სამართლიანი"
01/11/2021 05:59:21 პოლიტიკა
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის გიორგი გახარიას შეფასებით, არჩევნები არც თავისუფალი ყოფილა და არც სამართლიანი.
"ეს არჩევნები არც თავისუფალი ყოფილა, არც სამართლიანი. ჩვენ სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსებისა და ფულის ბოროტად გამოყენებაზე. საჯარო სექტორის პოლიტიკური მიუკერძოებლობა გარანტირებული უნდა იყოს. სხვაგვარად რისკია, ხმის მიცემა უაზრო შოუდ იქცეს",– დაწერა მან "ტვიტერზე".
გიორგი გახარიამ თბილისის მერის არჩევნების I ტურში ხმების 9.41% მიიღო. მეორე ტურში ერთმანეთს ენმ-ის და ოპოზიციის კანდიდატი ნიკა მელია და "ქართული ოცნების" კანდიდატი კახა კალაძე დაუპირისპირდნენ. გახარიამ თქვა, რომ არც ერთ მათგანს მხარს არ დაუჭერდა.
გახარიას პარტიამ "საქართველოსთვის" რეგიონების საკრებულოებში რამდენიმე მანდატი მოიპოვა.
არჩევნებამდე მისი პარტიის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის, შანტაჟის და მუქარის მსხვერპლები ხდებოდნენ.


