სამადაშვილი – ხაზარაძის მიერ პარლამენტის დატოვებაზე: "მხარს ვუჭერ აქციებს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ბრძოლა ფორმალურ ფორუმებში"
01/11/2021 08:23:53 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მისთვის პოლიტიკური ბრძოლის ველი ყველგან რჩება.
"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აფასებს იგი პარტია „ლელოს“ თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვეტილებას, სამადაშვილი აღნიშნავს, რომ თითოეულ პოლიტიკოსს ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს, თუმცა მისი აზრით, ოპოზიციამ ხელისუფლებასთან ბრძოლაში მის ხელთ არსებული ყველა იარაღი უნდა გამოიყენოს:
„მე ჩემს აზრს ვამბობ, პარლამენტის დატოვება ნიშნავს, რომ მე არ ვიღებ მონაწილეობას ფორმალურ სტრუქტურებში, რომელიც დღეს არსებობს სახელმწიფოში და სადაც ოპოზიციას აქვს თავისი წილი თანამონაწილეობის წარმომადგენლობით ორგანოებში. ვფიქრობ, უფლებაა თითოეული პოლიტიკოსის ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღოს, მას როგორ მიაჩნია სწორად პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება. მათ შორის ნიკა მელიამაც დატოვა პარლამენტი ერთპიროვნულად, ზურა გირჩი ჯაფარიძემაც, მამუკა ხაზარაძემაც მიიღო ეს გადაწყვეტილება დატოვოს პარლამენტი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩემს აზრს ვამბობ, თუ საუბარია იმაზე, რომ ოპოზიცია არ იღებს მონაწილეობას ფორმალურ სტრუქტურებში, მაშინ ალბათ საკრებულოს არჩეულმა წევრებმაც უარი უნდა თქვან საკრებულოების დაკავებაზე და მაშინ სრული შემადგენლობით ოპოზიციამ დატოვოს პარლამენტი. ოპოზიციის კოორდინირებულ პოლიტიკურ პოზიციაზე თუ არის საუბარი, მაშინ ეს არის პოლიტიკურად სწორი გზა. მე შეიძლება ჩემი აზრი მქონდეს, სწორია თუ არა ზოგადად დატოვება ბრძოლის ველის, მათ შორის იმ ფორმალურ სტრუქტურებში, რომელშიც ოპოზიციას აქვს თანამონაწილეობა. შეუძლია იმსჯელოს ამაზე ოპოზიციამ და ჩამოყალიბდეს ამაზე მაშინ მთლიანად, ანუ როგორც პოლიტიკური ბრძოლის ველი, ახლა დანარჩენი ეს სივრცე ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მისაღებად ყოველთვის არსებობს“.
სამადაშვილის თქმით, ფორმალურ წარმომადგენლობით ორგანოებში, პარლამენტსა და საკრებულოებში ოპოზიციის საქმიანობა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ქუჩაში:
„რეალურად პოლიტიკური ბრძოლის ველი ჩემთვის რჩება ყველგან. ანუ მე მხარს ვუჭერ იმას, რომ იყოს აქციები ხალხმრავალი აქციები და მივიღებ მონაწილეობას ყველა ქუჩის აქციაში, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ბრძოლის გამართვა ხელისუფლებისთვის იმ ფორმალურ ფორუმებზე, სადაც ჩვენ გვაქვს წარმომადგენლობა. რაღაც თვალსაზრისით ბევრად უფრო მარტივია რომ შენ შენს თანამოაზრეებს, ათასობით ადამიანს, რომელიც ტაშს გიკრავს, რომელიც შენსავით ფიქრობს, ქუჩაში შეხვდე და მიესალმო, ვიდრე დაუპირისპირდე უშუალოდ ბრძოლის ველზე შენს მოწინააღმდეგეს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შენ არ მოგცეს თუნდაც იმ უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა, რომელიც გაქვს მონიჭებული კონსტიტუციით, რეგლამენტით თუ ასე შემდეგ".
დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ ხაზარაძემ გუშინ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, ბრძოლას ქუჩაში გააგრძელებს.


