რომელი საარჩევნო უბნების შედეგებს გადათვლიან დღეს ზუგდიდში
01/11/2021 08:36:36 პოლიტიკა
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ შემთხვევითი წილისყრის მეთოდით, ლოტოტრონის საშუალებით შვიდი საარჩევნო უბანი შეარჩია, რომლებიც დღეს გადაითვლება. ესენია: 51-ე, 23-ე, 18-ე, 14-ე, 29-ე, 59-ე და 93-ე უბნები.
აღნიშნული უბნების გადათვლა 17:00 საათზე მოხდება. გადათვლაში მონაწილეობას ლოტოტრონით შერჩეული უბნების კომისიების თავმჯდომარეები, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, პროფესიული ნიშნით შერჩეული კომისიის წევრები და პარტიებიდან დანიშნული კომისიის წევრები მიიღებენ.
ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში სულ 109 უბანია, მათ შორის ერთი სპეცუბანი კოვიდ-ინფიცირებულთათვის. გადასათვლელ უბნებში კოვიდუბანი არ იყო, შერჩევა 108 უბნიდან მოხდა. შერჩევის პროცესს ეუთო/ოდირის დამკვირვებლები ესწრებოდნენ.
კანონით დადგენილი ხმების გადათვლის პროცედურის გარდა, ოპოზიციის ნაწილი მოითხოვს შედეგების ხელახლა დათვლას არაერთ ოლქში, სადაც მათი თქმით, ბევრი ბიულეტენი გაბათილდა.
30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები 15 მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდა. ცსკ–ის წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა, ყველგან მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლას" აანონსებს.


