"აპირებენ სააკაშვილის გადაყვანას გორის ჰოსპიტალში, საიდანაც შეიძლება, დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცნაზის მიერ მისი გატაცება"
01/11/2021 11:34:17 პოლიტიკა
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, ერთ-ერთი ვერსიით, იგეგმება სააკაშვილის გადაყვანა გორის ჰოსპიტალში, ხოლო იქიდან ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ, მისი გატაცება.
ამის შესახებ მან ციხეში მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, თუმცა კატეგორიულად არ აპირებს ციხის საავადმყოფოში გადასვლას. ინფორმაცია გვაქვს, რომ აპირებენ გორის ჰოსპიტალში გადაყვანას. ინფორმაცია გვაქვს ასევე, რომ გორის ჰოსპიტალში შეიძლება, დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცნაზის მიერ, მიხეილ სააკაშვილის გატაცება", – აცხადებს გვარამია.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.


