"წესიერი ხალხის მიმართ ჩემი რჩევა იქნება, მიბაძონ ხაზარაძეს"
01/11/2021 11:51:27 პოლიტიკა
ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანამებრძოლებს, ქვეყნის პატრიოტებსა და წესიერ ხალხს ურჩევს, მიბაძონ "ლელოს" ლიდერ მამუკა ხაზარაძეს და დატოვონ პარლამენტი.
ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გზავნილშია აღნიშნული, რომელიც მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განასაჯაროვა.
„ძალიან შთამბეჭდავი იყო გუშინ მამუკა ხაზარაძის ნაბიჯი. მთლიანად ვიზიარებ მის ამ პოზიციას და მთლიანად ვეთანხმები ნიკა მელიას გამოსვლას. ერთი სული მაქვს, როდის შემოგიერთდებით, მაგრამ ამაშიც თქვენი დახმარება მჭირდება. ვერც ერთი ციხის კარები ვერ შეაკავებს ხალხის სამართლიან რისხვას. ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია. იქ ვერანაიარი გადაწყვეტილება ვერ და არ იქნება მიღებული. ბანდიტებთან საუბარი რეფორმებზე და ქვეყნისთვის საკეთილდღეო ცვლილებებზე მხოლოდ დროის გაწელვას ემსახურება, რათა საპროტესტო მუხტი ჩაქრეს და შიგნითაც და გარეთაც ჩვენს ქვეყანაზე ხელი ჩაიქნიონ. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, პარლამენტში ჩემი ყველა თანამებრძოლის და უბრალოდ ქვეყნის პატრიოტების და წესიერი ხალხის მიმართ - მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და „ოცნება“ საკუთარ თავთან მარტო დატოვონ“,- აღნიშნულია სააკაშვილის გზავნილში.
ცნობისთვის: დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ ხაზარაძემ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, ბრძოლას ქუჩაში გააგრძელებს.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.


