პარლამენტს რიგით მეხუთე დეპუტატი ტოვებს
01/11/2021 15:48:48 პოლიტიკა
„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს. ანალოგიური განცხადება გააკეთა ენმ–ის წევრმა ანა წითლიძემაც.
როგორც წითლიძე Facebook-ზე წერს, მაშინ, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში ზის და შიმშილობს, ის პარლამენტში "ჯდომის აზრს ვერ ხედავს".
"მე არ ვიცი ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. არ მქონია კომუნიკაცია პარტიასთან, მოგეხსენებათ ზუგდიდში ვარ. მაგრამ მესამე პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ როდესაც პრეზიდენტი ციხეშია, შიმშილობს და არჩევნები წაგვართვეს, პარლამენტში ჯდომის აზრს მე ვერ ვხედავ და მანდატის გარეშეც შემიძლია ბრძოლა. (არც მქონია ისე ვიბრძოდი) ქართული ოცნება უნდა დარჩეს საკუთარ თავთან მარტო. დანარჩენზე ვისაუბრებ აქციებზე", - წერს წითლიძე.
მანდატზე უარი თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ვარშალომიძემ:
"უარს ვაცხადებ საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატზე, რადგან მსურს ლეგიტიმაციაგამოცლილი ხელისუფლების შეცვლისთვის გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყოს!".
დღეს მანდატი დატოვა ენმ-ის წევრმა ნონა მამულაშვილმაც. მნამდე კი აღნიშნული განცხადება გააკეთა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.
ცნობისთვის: 1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდება.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, პარტიამ საპარლამენტო მანდატების დატოვების თაობაზე უნდა იმსჯელოს და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.


