Accentnews.ge
სადავო შედეგები: მიიღო თუ არა ლეგიტიმაცია „ოცნებამ“ და რა გზა რჩება ოპოზიციას?

სადავო შედეგები: მიიღო თუ არა ლეგიტიმაცია „ოცნებამ“ და რა გზა რჩება ოპოზიციას?

01/11/2021 18:07:59 პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით კმაყოფილია, თუმცა მიუხედავად თითქმის ყველა ქალაქში მოპოვებული გამარჯვებისა და 43%–იანი ბარიერის გადალახვისა, რომელიც აქტუალური ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით შემუშავებულმა დოკუმენტმა გახადა, სახელისუფლებო გუნდს მოუწევს იმ ღრმა პოლარიზაციის შედეგებთან გამკლავება, რომელსაც განსაკუთრებით მეორე ტურში, თავადაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. მით უფრო, რომ მსხვილ ქალაქებში ოპოზიციონერი და სახელისუფლებო კანდიდატების საარჩევნო შედეგებს შორის სხვაობა მინიმალურია, ოპოზიციურად განწყობილი აქტიური ამომრჩეველი კი არ თვლის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებში მისი პოლიტიკური ნება რეალურად აისახა. ამ ფონზე რამდენად აქვს ხელისუფლებას სიმშვიდის საფუძველი? ფუნქციონირებისთვის საჭირო ლეგიტიმაცია გაიმყარა? რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი გვპასუხობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ მიზანს მიაღწია.

„მათთვის მთავარი გარეგნული მხარეა – აქვს თუ არა მანდატი და არა ლეგიტიმაცია. სრული ლეგიტიმაციაა, როდესაც ხალხი შენი პოლიტიკით კმაყოფილია, არჩევნებში თავდაჯერებულად იმარჯვებ და არა დაუშვებელი მეთოდებით. მიზანი იყო ნებისმიერი ხერხით გამარჯვება და ეს დიახ, მიღწეულია. მაგრამ ცხადია, სიმშვიდის საფუძველი არ აქვთ: როგორია, როდესაც მოსახლეობის ნახევარი უკიდურესად უარყოფითად, აგრესიულადაა ხელისუფლების მიმართ განწყობილი“,– ამბობს „აქცენტთან“ გოგოლაშვილი.

მისი ხედვით, ვითარებას ამძიმებს ქვეყანაში არსებული ღრმა პოლარიზაცია, რომლის შემცირების აუცილებლობაზეც საერთაშორისო პარტნიორებიც ინტენსიურად ამახვილებენ ყურადღებას. მეტიც, გოგოლაშვილი შიშობს, რომ მომავალში ეს მდგომარეობა ჯამში ქვეყანას ბევრი მიმართულებით დააზიანებს და მოუხსნის პერსპექტივას, რადგან სტაბილურობის გარეშე წარმატებაზე საუბარი შეუძლებელია. უშუალოდ არჩევნების კონტექსტშიც, პოლარიზაციის პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კანდიდატების შედეგებს შორის არსებული მცირე სხვაობა:

„მსგავსი შედეგები ბევრ ევროპულ ქვეყანაში, სადაც ღრმა პოლარიზაცია არაა, ნორმალურია, მაგრამ ჩვენთან არა განსხვავებულ ხედვებზე, მტრულ ბანაკებზეა საუბარი: ერთი ზის „ციხესიმაგრეში“, ხოლო მეორეს „ალყა“ აქვს შემორტყმული. ბევრი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ომი ჯერ კიდევ მოსაგები გვაქვს“. წარმოიდგინეთ, არჩევნებს „ომს“ უწოდებენ, ქვეყანაში არის განწყობა, რომ ეს ომია. ცხადია, ამ პირობებში ხელისუფლებას სიმშვიდის არანაირი საფუძველი არ აქვს“.

მწვავე კრიტიკა და შესაძლო შედეგები

ბოლო ერთი წელია, სახელისუფლებო გუნდი ერთობ „უცნაურ“ და პარადოქსულ გზას ადგას: ერთის მხრივ, წინასაარჩევნო პოლიტიკა ევროინტეგრაციის გზაზე „მიღწეული შედეგებით“ თავის მოწონებასა და წევრობის დაანონსებულ განაცხადზე აიგო, მეორეს მხრივ, დატოვა რეფორმების საგზაო რუკად შეფასებული პოლიტიკური შეთანხმება; ევროკავშირს „დაასწრო“ და უარი თქვა 75–მილიონიან დახმარებაზე, რომლის წინაპირობაც სასამართლოს რეფორმა გახლდათ, შესაბამისად, უარი თქვა აღებული ვალდებულების შესრულებაზე. ამასთან, პარტნიორების კრიტიკის საპასუხოდ მმართველი გუნდის რიტორიკაში მკვეთრი სიხისტე გაჩნდა. ამ უკანასკნელის მოტივს გოგოლაშვილი მმართველი გუნდის განზრახვაში ხედავს, ერთის მხრივ, საარჩევნოდ დაედო „ფსონი“, ქვეყანაში არსებულ ანტიდასავლურ ძალებზე, მეორეს მხრივ, საზოგადოების აღქმაში კრიტიკული გზავნილის სიმწვავე შეამციროს, ევროკავშირი „დააპატარაოს“. მაგრამ ხელისუფლების ქცევას აკვირდებიან პარტნიორებიც, სწორედ ამ პრობლემური საკითხების გამოძახილად აღიქვამს ეუთო/ოდირის, ევროკავშირისა და აშშ–ის ელჩების საკმაოდ მკაცრ შეფასებებს გოგოლაშვილი.

„ისინი ხელისუფლების ქცევას ბოლო ერთი წლის განმავლობაში აკვირდებიან, დაუგროვდათ ბევრი პრეტენზია, რაც უბრალოდ საარჩევნო პროცესის შეფასებაში აისახა, რადგან ეს არჩევნები არ იყო უარესი, ვიდრე თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური, ან საპარლამენტო არჩევნები. ვინაიდან ხელისუფლებამ კრიტიკულ, მაგრამ შედარებით პოზიტიურ შეფასებებზე რეაგირება არ მოახდინა, როგორც ჩანს, ისინი ფიქრობენ, რომ საჭიროა, უფრო მკაფიონი და ხისტნი იყვნენ: არ სურთ, მთავრობამ რაიმე არგუმენტი გამოიყენოს თავისი პოლიტიკის გასამართლებლად“.

გოგოლაშვილი ელის, რომ მსგავს დამოკიდებულებას თავისი შედეგები ექნება:

  • პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოს მთავრობისადმი ნაკლები მხარდაჭერა;
  • ფინანსური დახმარების შემცირება.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტ დახმარებას ჩვენ ვიღებთ, რაც შემცირდება! მეტს ალბათ, მოლდოვა მიიღებს, შესაძლოა – სომხეთმაც: სომხეთში არჩევნების მიმართ პრეტენზია, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებსაც არ ჰქონიათ; სასამართლო სისტემის რეფორმაც უკეთ ჩატარდა, ვიდრე ჩვენთან. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი პოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთის არეალშია, ევროკავშირს გაღიზიანების საბაბს არ აძლევს, პირიქით, შედიან მის მდგომარეობაში“,– განმარტავს გოგოლაშვილი.

შესაძლო შედეგების მიუხედავად, ანალიტიკოსი სახელისუფლებო გუნდის ქცევაში ცვლილებებს არ ელის:

„ოცნებამ“ ამ 9 წლის განმავლობაში პრაქტიკულად ყველას ჩამოშორება შეძლო, ვისაც ფასეულობების თვალსაზრისით ზღვრის გავლება შეეძლო და ამ მიმართულებით გასწევდა წინააღმდეგობას. ბოლო მსგავსი ნაკადი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვიხილეთ. ამდენად, დარჩა შეკრული გუნდი და არა პარტია, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს და მათთვის შენიშვნები არაა ყურადსაღები: არ მოგვცემენ პირობითად, 100 მილიონიან დახმარებას, სხვა გზას გამონახავენ – 75 მილიონზე უარი ვთქვით, შემდეგ კი განაცხადეს, რომ სოლიდური ვალის აღებას გეგმავენ“.

რა გზა რჩება

თვითმმართველობის მეორე ტურის შემდეგ რიგი ოპოზიციონერი ლიდერების გზავნილს, „ქვეყანაში არჩევნები გაუქმებულია“, მრავლად ჰყავს კრიტიკოსები, მათ შორის – ოპოზიციურ ელიტაში. ამ ეტაპზე მკაფიო სამოქმედო გეგმა ცნობილი არაა, ვიცით რომ დაანონსდა აქციები, გაიჟღერა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობამაც და გაჩნდა საპარლამენტო მანდატების დატოვების ტენდენცია: ამ დროისთვის სადეპუტატო მანდატზე ხუთმა პარლამენტარმა თქვა უარი. მსგავს მიდგომას არ იზიარებს არც გოგოლაშვილი:

„სადეპუტატო მანდატის დატოვება დიდი სისულელეა: პარლამენტის ტრიბუნაცაა –ხალხი უსმენს, ვინ რა არგუმენტაციით წარდგება, ვინ რას ითხოვს. მრავლადაა საკითხები, რომელთა წამოწევაც შესაძლებელია. იგივე არჩევნებზე ელექტრონული წესის დანერგვა, რომ ყოველი არჩევნები დესტაბილიზაციის საფუძველი არ იყოს. სრული ნონსენსია საკრებულოს დატოვება. როგორც კი ასპარეზს დატოვებენ, ამ პარტიების დეგრადაცია დაიწყება: გამოდის, რომ ჩამოშორდებიან სახელმწიფოებრივ საკითხებს, არც ეცოდინებათ, რეალურად რა ხდება სახელმწიფოში, მოუწევთ ლოდინი, როდის მოხდება ქვეყანაში „აჯანყება“ იმის გამო, „ოცნებამ“ ვერ მართა პროცესი. საბოლო ჯამში, ამ პოლიტიკური პარტიებიდან ბევრი ემიგრაციაში აღმოჩნდება!“.

გოგლაშვილი გამოსავალს ოპოზიციის კონსოლიდაციაში ხედავს, უკვე მოპოვებული მანდატებით აქტიურად სარგებლობაში, შეცდომების გააზრებაში, მათ შორის, საარჩევნო პროცესში დაშვებულის:

„ჩრდილოვანი კაბინეტის“ გამოცხადება დააგვიანეს. ეს რომ ორი თვის წინ გაეკეთებინათ, სხვა შედეგი იქნებოდა. პროცესში სხვა მცირე პარტიებიც უნდა ჩართონ. დაუმორჩილებლობა აბსურდია, საჭიროა მეტი კონსოლიდაცია, მეტი დაფიქრება შეცდომებზე, მოსახლეობასთან კომუნიკაცია, მეტი მცდელობა საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების და მოპოვებული პოზიციების გამოყენება“.

გოგოლაშვილი დარწმუნებულია, რომ პარტნიორების მხარდაჭერა ყოველთვის ექნება პოზიტიურ და პერსპექტიულ წინადადებებს, მაგრამ არა – რევოლუციას:

„კონფრონტაციაში პარტნიორები მონაწილეობას არ მიიღებენ, ამას ნამდვილად არ შეუწყობენ ხელს. მათთვის მთავარი მშვიდობა და სტაბილურობაა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S