Accentnews.ge
რა ტენდენცია გამოიკვეთა ბათილი ბიულეტენების გადათვლისას

რა ტენდენცია გამოიკვეთა ბათილი ბიულეტენების გადათვლისას

01/11/2021 19:13:58 პოლიტიკა

ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის 7 უბნის შედეგების ხელახალი გადათვლისას ჯამში 150-ზე მეტი ბათილი ბიულეტენი დათვალეს.

მხოლოდ 6 ბიულეტენის ბათილობის მიზეზი გახდა სადავო, სადაც, კომისიის წევრთა მოსაზრებით, ამომრჩევლის ნება გამოხატულია - შემოხაზულია ორიდან ერთი მერობის კანდიდატი, თუმცა რიგ შემთხვევაში ხაზია გადასმული კონკურენტ ან ორივე კანდიდატზე, რაც ბათილობის მიზეზი გახდა.

როგორც ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარემ ციალა შავაძემ თქვა, ასეთი ბათილი ბიულეტენების ნამდვილობაზე საარჩევნო კომისია იმსჯელებს. დანარჩენ ბათილ ბიულეტენებში ამომრჩეველს ორივე მერობის კანდიდატი გადახაზული აქვს.

„ყველაზე მეტად ბათილი ბიულეტენები გვაინტერესებდა, მათი სიმრავლის გამო. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ძირითადად გადახაზულია ორივე კანდიდატი“,- განაცხადა "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელმა მადონა ბერიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს ერთი ბიულეტენი, რომელიც "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის სასარგებლოდ იყო დათვლილი, თუმცა ბათილად უნდა ჩათვლილიყო, რადგან მასზე ორივე მერობის კანდიდატი იყო შემოხაზული.

წინასწარი შედეგებით, ბათუმის მერის არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა 1 200 ხმით მოუგო "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს გიორგი კირთაძეს.

ბათუმში ჯამში 2071 ბიულეტენი გაბათილდა.

ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ საქართველოს რეგიონებში ჩატარებული ბიულეტენების გადათვლის პროცესით შედეგები არ შეცვლილა.

"საარჩევნო რეფორმის საფუძველზე განხორციელებულმა გადათვლის პროცედურებმა უკვე პირველი ტურის შემდგომ გვაჩვენა, თუ როგორ შეუწყო აღნიშნულმა ხელი პროცესის გამჭვირვალობას და ზოგადად საარჩევნო პროცესის გაჯანსაღებას. წინასწარი ანალიზის საფუძველზე, ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია", - აღნიშნა უწყების სპიკერმა ნათია იოსელიანმა.

ჯამში გადათვლილია 201 უბნის ბიულეტენები.

ცესკოს პრესსპირკერის თქმით, ოლქებმა შეასრულეს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის მითითება და კანონით გათვალისწინებული 5-5 უბნის ნაცვლად 7-7 უბნის შედეგები გადათვალეს.

ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა ივანე ნორაკიძემ საოლქო საარჩევნო კომისიებს დამატებით საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლის რეკომენდაციით მიმართა:

„მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურზე 1 457 საარჩევნო უბანზე განხორციელდა ვიდეოგადაღება. როგორც მოგეხსენებათ, პირველ ტურში ვიდეო ჩანაწერები, ნაცვლად დადგენილებით განსაზღვრული ხუთი დღისა, „გუგლ დრაივზე“ აიტვირთა და გასაჯაროვდა მე-3 დღეს, ხოლო მეორე ტურის ვიდეო ჩანაწერები გასაჯაროვდა დღეს, ანუ არჩევნებიდან ორ დღეში. მეორე ტურში ვიდეო გადაღება არ განხორციელდა მხოლოდ 292 საარჩევნო უბანზე. სწორედ ამიტომ, პროცესის მიმართ მეტი ნდობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ცესკო-ს თავმჯდომარესთან შეთანხმებით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ყველა იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ვიდეო ფიქსაცია არ განხორციელდა 2-ზე მეტ საარჩევნო უბანზე, ლოტოტრონის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩეს 2-2 უბანი და მოხდეს მათი მონაცემების გადათვლა; ხოლო იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც ასეთი უბნები ორი ან ნაკლებია, ავტომატურად გადაითვალოს ყველა მათგანი. აქედან გამომდინარე, მივმართავთ საოლქო საარჩევნო კომისიებს, ხვალვე უზრუნველყონ წილისყრისა და გადათვლის პროცედურების განხორციელება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S