ბრიტანეთის საელჩო: "ამომრჩევლებზე ზეწოლამ, ნეგატიურმა რიტორიკამ პროცესს ხელი შეუშალა"
01/11/2021 19:36:38 პოლიტიკა
ბრიტანეთის საელჩო თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საარჩევნო პროცესს ამომრჩეველზე ზეწოლამ ხელი შეუშალა.
საელჩო მოუწოდებს ხელისუფლებას, აღმოფხვრან პროცესში არსებული ხარვეზები და გაზარდონ სანდოობა.
"გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა ამომრჩევლებზე ზეწოლამ, ნეგატიურმა რიტორიკამ პროცესს ხელი შეუშალა. მოუწოდებს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აღმოფხვრას ხარვეზები და გაზარდოს ნდობა პრობლემების გადასაჭრელად", - ნათქვამია განცხადებაში.
30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, ხოლო 24 მუნიციპალიტეტის 42 ოლქში - მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ყველგან, წალენჯიხის გარდა, მერის არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხებათ მაჟორიტარებს, 42 მაჟორიტარული ოლქიდან 27-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, 15-ში – ოპოზიციის.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადება.


