Accentnews.ge
"ლელოს" ფრაქცია პლენარულ სხდომებში მონაწილეობას წყვეტს

"ლელოს" ფრაქცია პლენარულ სხდომებში მონაწილეობას წყვეტს

02/11/2021 07:30:59 პოლიტიკა

ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" პარლამენტის პლენარულ სხდომებში მონაწილეობას წყვეტს.

როგორც დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ფრაქცია წყვეტს მუშაობას პლენარულის სხდომების ფარგლებში, სანამ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა უზრუნველყოფილი არ იქნება.

"ისტორიას არ რჩება დეტალები, არავის ემახსოვრება, რა ბრალდებებით არის დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ჩვენს ძალიან რთულ პოლიტიკურ ისტორიას, შავ ფურცლად დარჩება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შემდგომი გაუარესება და საფრთხე, რომელიც მის სიცოცხლეს ემუქრება. მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და მისი სიცოცხლის უზრუნველყოფა დღეს არის მთავარი ვალდებულება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების და შესაბამისად, უკიდურესად შემაშფოთებელია ის დამოკიდებულება, რასაც ხელისუფლება ავლენს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით. მერწმუნეთ, ჩვენს ისტორიას აქვს ძალიან მძიმე დამოკიდებულება და ჩვენს ქვეყანას უბრალოდ არ აქვს რესურსი, რომ გადაიტანოს კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც უკავშირდება ყოფილ სახელმწიფო მეთაურს, იმ ადამიანს, რომელმაც უთანასწორო ბრძოლა გამოუცხადა რუსეთს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ფრაქცია "ლელო" აცხადებს, რომ ჩვენ ვიყენებთ ჩვენთვის მონიჭებულ უფლებამოსილებას და ვაცხადებთ, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას პარლამენტის პლენარული სხდომების მუშაობაში, სანამ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ადეკვატურ დაცვას და არ გაანეიტრალებს ყველა საფრთხეს, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს მის სიცოცხლეს", - განაცხადა სამადაშვილმა.

დეპუტატი ასევე მიმართავს საერთაშორისო პარტნიორებსაც:

„მსურს, რომ ხელისუფლებამ ისევე, როგორც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, მიიღონ ჩვენი პოლიტიკური ბოიკოტის შესახებ განაცხადი, როგორც ძალიან სერიოზული გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა შედის უმძიმეს კრიზისში და მოითხოვს შესაბამის რეაგირებას როგორც ხელისუფლების მხრიდან, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან“.

სამადაშვილის თქმით, ბოიკოტის მიუხედავად, „ლელოს“ ფრაქცია საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმას მისცემს:

"საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩვენ მივცემთ ხმას ყველა შემთხვევაში. მაგრამ, კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, დღეს არის მთავარი გამოწვევა, ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი, ამ სიცოცხლის დაცვა და უზრუნველყოფა სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა".

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S