ხვალ ზუგდიდში აქცია დაანონსდა: "გამარჯვება გარდაუვალია"
02/11/2021 07:40:22 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრ ანი წითლიძის განცხადებით, ხვალ 20:00 საათზე ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართება.
მისი თქმით, ახლა დროა, ხალხმა თავისი არჩევანი, ქვეყნის თავისუფლება და სააკაშვილის სიცოცხლე ქუჩაში დაიცვას.
"მოვუწოდებ ყველა ზუგდიდელს და მთელ სამეგრელოს - მე ვიცი, რომ თქვენ ხართ ძალიან გაბრაზებულები წართმეული და მოპარული არჩევნების შემდეგ. ამ არჩევნებმა ჩვენ გვიჩვენა, რომ მხოლოდ არჩევნებზე მისვლა და ხმის მიცემა ვერ იქნება საკმარისი. ახლა მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, ვისი ხმაც უსირცხვილოდ მოიპარეს, თავისი არჩევანი, ამ ქვეყნის თავისუფლება და მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე მშვიდად, წყნარად, მტკიცედ, მაგრამ ჯიუტად დაიცვას ქუჩაში. არ დაიღალოთ, ბრძოლა იქნება რთული, შეიძლება ხანგრძლივიც მაგრამ გარდაუვალი გამარჯვების", – განაცხადა წითლიძემ.
ცნობისთვის: დღეს 17:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება ბათუმში, ხოლო 18:00 საათზე რუსთავის ციხესთან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.
30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები 15 მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდა. ცსკ–ის წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა, ყველგან მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლას" აანონსებს.


